თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს, ხელი არ მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ „უგუნურ“ საკონსტიტუციო ცვლილებას და მზადყოფნას გამოთქვამს, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად ხელახლა შეიტანოს განაცხადი.
პრეზიდენტისადმი ღია წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, „კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის“ ფასად ისარგებლოს პოლიტიკური უფლებებით, რომელთაც მას საკონსტიტუციო ცვლილება ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.„მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული“, – აცხადებს ივანიშვილი 22 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში.
„ამასთანავე, მე არ ვაპირებ, ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ, მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება – ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ“.
„თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე
- არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე;
- არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში;
- გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში;
- ყველა კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის და საბოლოოდ მაინც შევასრულებ ქართველი ხალხისათვის მიცემულ ყველა დანაპირებს“, – აცხადებს ივანიშვილი ღია წერილში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებიდან ცოტა ხანში გამოქვეყნდა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზე და სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გამოყენება ურჩია, შემოთავაზებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი არჩევნებში.
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 მაისს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებით „ძირი გამოვუთხარეთ შეთქმულებას, რომელიც ჩვენი არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავდა მიზნად“.