პუბლიკაციები
რიტა ხიდირბეგიშვილი: "დავიცვათ კავკასიის ეკოლოგია ქსენოფობიისგან!" ანუ რით განსხვავდება მელექ შუქუროვა დემოკრატიის შუქურასგან

1asavali-ekoსაქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, ბატონ მუბარის კარაევს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ აკაკი ბობოხიძეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიის მინისტრს, ბატონ ჰუსეინ ბაგიროვს

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ აზერ ჰუსეინს

საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ გიორგი ტუღუშს

„რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის“ გამგეობის წევრებს

განცხადება

ღრმად პატივცემულო ბატონებო! 

ჩემთვის უკიდურესად უსიამოვნოა თქვენდამი ამ წერილით მომართვა, მაგრამ ვითვალისწინებ რა კავკასიაში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას და იმ ფაქტს, რომ საქართველოში ასეულობით ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი თანაცხოვრობს, ვალდებული ვარ, ჩემი მოქალაქეობრივი და სამსახურებრივი ვალი მოვიხადო. 

თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს დედაქალაქში უკვე 12 წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს „რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის“ („რეც კავკასია“, www.rec-caucasus.org) – უნიკალური და ერთადერთი რეგიონული ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც კავკასიის რეგიონში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობისთვის არის შექმნილი. „რეც კავკასიას“ მთავარი დონორი გახლავთ ევროკავშირი. ორგანიზაციას აქვს პატივი, ითანამშრომლოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (USEPA), ფონდთან „თანამშრომლობა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის“ (CEPF), დანიის, გერმანიის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, იტალიის, ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობებთან.

„რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის“ სამი კავკასიური რესპუბლიკის – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის – მთავრობებმა დააფუძნეს.  ხელმძღვანელობას ახორციელებს გამგეობა, რომლის შემადგენლობაში არიან ზემოხსენებული სამი რესპუბლიკის მთავრობების, დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ხოლო თბილისის მთავარ ოფისში „რეც კავკასიის“ აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკოლოგიის მინისტრების რეკომენდაციით მოვლინებული სამი დირექტორი მართავს, რომლებიც გამგეობამ დაამტკიცა.

საქმე ეხება აზერბაიჯანის მხრიდან რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის დირექტორის, ქალბატონ მლექ შუუროვას უკიდურესად არაადეკვატურ ქცევას. ის საქართველოში სამი წლის წინათ ჩამოვიდა. მე, „რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის“ ადმინისტრაციისა და კადრების ხელმძღვანელმა რიტა ხიდირბეგიშვილმა, შუქუროვას სიყმაწვილის გათვალისწინებით, მას ჭეშმარიტად კავკასიური სტუმარმასპინძლობა გავუწიე, რომელიც საგრძნობლად გასცდა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებს, და ყველაფერი გავაკეთე, რომ მელექს თბილისში თავი ისევე ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში ბაქოში.

მაგრამ როგორც კი ახალ გარემოს შეეთვისა, ქალბატონი მელექ შუქუროვას საქციელი უკიდურესად უხამსი და აგრესიული გახდა. მან დაიწყო ჩემი უხეშად შეურაცხყოფა უკიდურესად უხამსი სიტყვებით, თანამშრომელთა (პირადი მძღოლის ჩათვლით) ადამიანური ღირსების დამცირება, ყოველდღიურად ყვირილი და სკანდალები სხვადასხვა ნივთის სროლით, რამაც ოფისში ნერვული გარემო შექმნა.

მეტსაც გეტყვით ქალბატონმა შუუროვამ საჯაროდ და ხმამაღალ ტონში  სისტემატურად დაიწყო პროვოკაციული და ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება, რომლებიც საქართველოში ეროვნებათაშორისი შუღლის გაჩაღებისკენ არის მიმართული და რეც კავკასიას მრავალეროვან კოლექტივში არაჯანსაღ გარემოს ქმნის: მძულს სომხები!, არავითარი კონტაქტი სომხებთან!, ჩვენ სომხეთთან ომისათვის ვემზადებით!, ჩემ უკან აზერბაიჯანი და  ბაგიროვია! – ეს მხოლოდ ყველაზე „უწყინარი“ გამონათქვამებია მისი მდიდარი არსენალიდან, რომელთა გამეორების უფლება თავს მივეცი. ხოლო ჩემი, როგორც ეთნიკური სომხის, მისამართით გამოთქმული მრავალრიცხოვანი ცინიკური შეურაცხყოფის გამეორებისაგან  ოფიციალურ წერილში თავს შევიკავებ.

 

ღრმად პატივცემულო ბატონებო! 

გთხოვთ, სათანადო რეაგირება მოახდინოთ ამ შემაშფოთებელ ფაქტზე, რათა აღკვეთოთ ქალბატონი შუქუროვას დესტრუქციული, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლისათვის შეუფერებელი ქმედებები. ეს ხომ არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პირდაპირი დარღვევაა, რაც ქართული კანონმდებლობით ისჯება;

– ეს ეწინააღმდეგება ორგანიზაცია „რეც კავკასიის“ სულისკვეთებასა და წესდებას, ორგანიზაციისა, რომლის აქტივში ათობით ერთობლივი პროექტი, ღონისძიება და კონფერენციაა. „რეც კავკასია“ ხომ ომით კი არა, ყველაზე მშვიდობიანი საქმიანობით  –  ეკოლოგიით არის დაკავებული, და ჩვენი მისიაა, კავკასიის რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში დახმარება გავუწიოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო სტრუქტურებს, საქმიან წრეებსა და საზოგადოებას შორის ეროვნულ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების გზით; აგრეთვე, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გაზრდა და ამით კავკასიის სახელმწიფოებისათვის დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ განვითარებაში დახმარების გაწევა;

– ქალბატონი შუქუროვას საქციელი ეწინააღმდეგება ტოლერანტული საქართველოს ტრადიციებს, ევროკავშირის რეკომენდაციებს, ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ქსენოფობიისა და ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისთვის მკაცრად სჯის ქალბატონ შუქუროვაზე ბევრად მეტი დამსახურების მქონე მოღვაწეებს;

– ეს ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიის სამინისტროს პოლიტიკას, რის თქმის საფუძველს ბაქოში მრავალრიცხოვანი სამსახურებრივი მივლინებების დროს ჩემთვის, მაშინდელი ეკოლოგიის მინისტრის, ქალბატონ ნინო ჩხობაძის აპარატის უფროსის, გაწეული უჩვეულოდ თბილი მიღება მაძლევს, მათ შორის, აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს მხრიდან. ამიტომ ორმაგად უსიამოვნოა, რომ „რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის“ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით მორჩილად იტანენ ქალბატონი შუქუროვას ყველა უმსგავს გამოხტომას და თავდასხმას, ექმნებათ ცრუ შთაბეჭდილება, რომ მას მსგავს ქმედებებზე უფლებამოსილება აზერბაიჯანული მხარისაგან აქვს მიღებული.

ღრმა პატივისცემით,

რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის ადმინისტრაციისა და კადრების ხელმძღვანელი, 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი 

რიტა ხიდირბეგიშვილი 

მას შემდეგ, რაც ეს განცხადება ადრესატებს დაეგზავნა, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ტელეფონით დაუკავშირდა ქალბატონ რიტა ხიდირბეგიშვილს და ინტერვიუ სთხოვა.

- „სამწუხაროდ, ახლა ავად ვარ, ბიულეტენზე ვიმყოფები და ამ დღეებში საოპერაციოდ ვწვები, ამიტომ ინტერვიუს მოცემა ამჟამად არ შემიძლია. თუმცა, კომენტარის სახით გეტყვით, რომ დიდად აღშფოთებული ვარ “რეც კავკასიაში” მომხდარით. ქსენოფობია საქართველოში, თბილისში და თანაც – საერთაშორისო ორგანიზაციაში აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზრზრენია! მით უფრო, ეკოლოგიის სფეროში, რომელსაც, როგორც ცნობილია, საზღვრები არ აქვს!

ეკოლოგიაში – სახელმწიფო სტრუქტურებში, უცხოურ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჩემი 22-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში (ვმუშაობდი საქართველოს ეკოლოგიის მინისტრის მრჩევლად, აპარატის უფროსად, სამდივნოს უფროსად, პროტოკოლის უფროსად, თანაც, სხვადასხვა მინისტრის დროს, ვმუშაობდი საქართველოს ეკოლოგიის სამინისტროს საერთაშორისო განყოფილებაში, სადაც კავკასიის საკითხებს ვკურირებდი, ვიყავი რეგიონული ტრასნსაზღვრო სამდივნოს («TJS») მრჩეველი-ადმინისტრატორი – გერმანიის მიერ დაფინანსებული („KFW“) ორგანიზაციის, რომელიც  ხელს უწყობს  დაცული ტერიტორიების – ეროვნული პარკების შექმნას, რომლებიც კავკასიის სამი რესპუბლიკის საზღვრების ორივე მხარეს მდებარეობს. აგრეთვე, ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის – „ინტერნაციონალური საქართველო – მშვიდობისა და გარემოს დავცისთვის“ – დამფუძნებელი და პრეზიდენტი) ასეთ აღმაშფოთებელ უმსგავსობას ჯერაც არ შევხვედრივარ. 

ჩემთვის, როგორც ძირძველი თბილისელისთვის, არანაკლებ უსიამოვნო იყო ამ, თქვენი გაზეთისთვის უკვე ცნობილი, წერილის წერა, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით – ეს ჩემი უშუალო მოვალეობაცაა. „რეც კავკასიის“ გამგეობის წევრები, ბაქოშიც და ერევანშიც, დამემოწმებიან, რომ მე დიდხანს (წელიწადზე მეტი!) ვცდილობდი სიტუაციის დარეგულირებას, შუქუროვას ჭკუაზე მოყვანას და მისი გამოხტომების დამალვას არა მარტო სომეხი, არამედ ქართველი კოლეგების წინააღმდეგ! მაგრამ დღეს ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია და მე იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა  სხვადასხვა გარემოების გამო.

საქმე მარტო ჩემი ადამიანური ღირსების შელახვა როდია, საქმე ისაა, რომ „რეც კავკასიამდე“ „ვარდების რევოლუციას“ ჯერ არ მიუღწევია – ყველა ის უდავო მიღწევა, რომლებითაც სამართლიანად ამაყობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მელექ შუქუროვასთვის უცხოა, თუმცა ჩემს განცხადებაში მე შეგნებულად არ შევეხე სხვა ასპექტებს... მაგრამ თუ საქართველოს კონტროლის პალატა „რეც კავკასიის“ საქმიანობით დაინტერესდება, იმგვარ დარღვევას აღმოაჩენს, რომ ჩვენს ორგანიზაციას დახურავს. ვინ მოიგებს ამის შედეგად? ვისთვისაა ხელსაყრელი, რომ არსებობა შეწყვიტოს კავკასიაში ერთადერთმა და ამიტომ - უნიკალურმა ორგანიზაციამ, სადაც წლების განმავლობაში ერთად მუშაობენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი?!

აზერბაიჯანისთვის, რომელიც ისედაც ერთობ უკმაყოფილოა, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უარი თქვა მტკვრის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერაზე, ნამდვილად არა.  ვერ მოიგებს ვერც სომხეთი და ვერც საქართველო, რადგანაც ევროკავშირი შეწყვეტს პროექტების დაფინანსებას, რომელიც  ჩვენი მთავარი საგანძურის – უნიკალური ბუნების დაცვასა და განვითარებაზე იყო მიმართული. ეს კი მილიონობით ევროა! ამას გარდა, ადამიანები, რომლებსაც ოჯახები და შვილები ჰყავთ, უმუშევრები დარჩებიან... ამიტომ, სანამ გვიანი არაა, დავიცვათ კავკასიის ეკოლოგია ქსენოფობიისგან!“

ბოლოთქმა: როცა გაზეთის ნომერი დასაბეჭდად მზად იყო, „ასავალ-დასავალისთვის“ცნობილი შეიქნა, რომ ქალბატონ რიტა ხიდირბეგიშვილის ბიულეტენზე  ყოფნისას ქალბატონმა შუქუროვამ მორიგი კრიმინალი ჩაიდინა - გატეხა მისი სამუშაო მაგიდა და იქიდან ამოიღო დოკუმენტები, რომლებზეც ქალბატონ რიტას, როგორც „რეც კავკასიის“ ადმინისტრაციისა და კადრების უფროსს, პასუხისმგებლობა აკისრია. კიდევ რა (პირადი ნივთები, ჩანაწერების წიგნაკი, ლეპტოპი და სხვ.) ამოიღო ქალბატონმა შუქუროვამ ქალბატონი ხიდირბეგიშვილის სამუშაო მაგიდიდან, თუ რა ჩადო მანდ – ჯერჯერობით უცნობია და ამის გარკვევა შეუძლებელია, რადგანაც ამის შემდეგ ქალბატონმა შუქუროვამ სასწრაფოდ შეცვალა „რეც კავკასიის“ ოფისის შესასვლელი კარის საკეტი.

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ცდილობდა, დაკავშირებოდა ქალბატონ შუქუროვას ოფისის ტელეფონზე 225–36–48, მაგრამ მისი მობილურის ნომერი არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ ის ბაზალეთის ტბაზე იმყოფება  

იმავე მიზეზით ჩვენმა ჟურნალისტმა დაკავშირება ვერ შეძლო „რეც კავკასიის“ დირექტორთან საქართველოს მხრიდან – ქალბატონ სოფიკო ახობაძესთან (ისიც ბაზალეთის ტბაზე იმყოფებოდა), რომ მისთვის რამდენიმე შეკითხვა დაესვა, მაგალითად: მართალია, რომ მასზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეა აღძრული? მართალია, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ის ერთდროულად გაფორმებულია საქართველოს ეკოლოგიის მინისტრის მრჩევლად და ხელფასს საქართველოს ეკოლოგიის სამინისტროშიც იღებს? თუ წაუკითხავს ქალბატონ ახობაძეს ნ. გოგოლის რომანი „მკვდარი სულები“ ?

www.asavali.ge

21 მაისი 2012 წ.