სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ ხარაგაულის გამგებლის გათავისუფლებას მოითხოვს

Tavisufali-saqarTveloooთბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“  პრესსამსახური აცნობებს, პარტიის რეგიონული სამსახური ხარაგაულის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის წამომადგენლებმა მოინახულეს ადგილობრივი საავადმყოფო და სკოლა.

შეხვედრის ანალიზმა ცხადყო, რომ „საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ხელისუფლებისგან ხარაგაულზე მეტად მივიწყებული რაიონი. საავადმყოფოს შენობა ამორტიზებულია და გაუსაძლისი ანტისანიტარია მეფობს. სამედიცინო ტექნიკა საბჭოთა დროის შემდეგ არ განახლებულა, ხოლო 1960-იან წლებში გამოშვებულ სასწრაფოს მანქანებს, უკეთეს შემთხვევაში, 2 საბურავი აქვთ მწყობრში.

აღმაშფოთებელია მომსახურე პერსონალის ანაზღაურება: ექთნების ყოველთვიური ხელფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ლარს შეადგენს, საიდანაც 20% საშემოსავლო ექვითებათ და ხელზე 4 ლარს იღებენ.

მოსახლეობის 95% პრაქტიკულად სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ არსებობის ელემენტარული პირობები და, რომ აღარაფერი ვთქვათ პირველადი მოხმარების საგნებზე, აქ დგას საკვების პრობლემა.

ყოველივე ამის ფონზე, 19 მაისს რაიონის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა რამდენიმე ათეულ პირთან ერთად პომპეზურად აღნიშნა საკუთარი იუბილე ფეშენებელურ რესტორანში. ეს ღონისძიება ათასობით ლარი ჯდება, რომლის წარმომავლობაც დიდ ეჭვებს იწვევს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხარაგაულის გამგებელ თორნიკე ავალიშვილის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „ამასთან, აუცილებელია, კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის საკითხით, სადაც უამრავი ხარვეზია. ამის შემდეგ აუცილებლად დადგება რამდენიმე ათეული პირის სისხლის სამართლის წესით პასუხისგების საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.