სამართალი
ფონდი „ქომაგის“ განცხადება

1komagi-samarT-1თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ფონდი „ქომაგიდან“ აცნობეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ აქტიურობა უყურადღებოდ არ დარჩენია ხელისუფლებას. „კონტროლის პალატისა და ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა სოლიდარობისა და ქველმოქმედების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, რაც ფონდი „ქომაგის“ წინააღმდეგ დაწყებულ გააფთრებულ ბრძოლაში გამოიხატა. კონტროლის პალატის მიერ ფონდის საბანკო ანგარიშის დაყადაღების სურვილი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტის საშუალებითაა გაცხადებული, ამისი ნათელი დადასტურებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა ფონდი ამთავითვე აცხადებს, რომ არ აპირებს შეგუებას ასეთ უსამართლობასა და უკანონობასთან და აუცილებლად გაასაჩივრებს ანგარიშის დაყადაღების გადაწყვეტილებას, თუკი ასეთს რეალურად ექნება ადგილი.

ამასთან, ფონდი „ქომაგი“ აცნობებს საზოგადოებას, რომ ის აგრძელებს თავის საქმიანობას, რაც ამ ეტაპზე დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების მიღებასა და თითოეული შემთხვევის დეტალურ შესწავლაში გამოიხატება. მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლია, ფონდის კარი ღიაა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 18 საათამდე.

შეგახსენებთ, „ქომაგი“ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულებს, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილებს, უსამართლოდ დაპატიმრებულებს უცხადებს მხარდაჭერას.