ევროპელი ლიბერალები საქართველოს დემოკრატიით შეშფოთებული არიან
თბილისი, 22 მაისი,
საქინფორმი. საქართველოში ვიზიტის დროს ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ლუსევის ვან დერ ლაანმა განაცხადა: „ჩვენ მძლავრ მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისაგან ჩვენ მოველით ევროპული სტანდარტების დაცვას დემოკრატიისა და საზოგადოების აღმშენებლობის პროცესში. ჩვენ ძალიან გვაღელვებს ამ ბოლო დროის მოვლენები, მოქალაქეთა საეჭვო დაკავებებისა და დატუსაღების ჩათვლით, რომლებსაც იურიდიული კონსულტაციის მიღების საშუალებაც კი არ მიეცათ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპულ მთავრობას, პარლამენტსა და პოლიტიკოსს (განსაკუთრებით კი, ევროპის სახალხო პარტიის წევრებს), პასუხი მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას“.
საერთაშორისო ლიბერალურმა ორგანიზაციამ (Liberal International) ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომლის ძალითაც მოთხოვნილია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნა 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამ რეზოლუციის მიღება განაპირობა მზარდმა შეწუხებამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გამკაცრების გამო.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ პარტიათა ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან.
ვიზიტი შედგა ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს ყოველწლიური ყრილობის შემდეგ, რომელიც 11-12 მაისს ჩატარდა ერევანში.