თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. ნატოს ლიდერთა ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია მიესალმება ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების საქმეში მიღწეულ პროგრესს და, წინა დეკლარაციების მსგავსად, კიდევ ერთხელ იმეორებს ალიანსის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღესაც ნატოს წევრი გახდება.
დეკლარაცია იმეორებს 2010 წლის ლისაბონის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ფორმულირებას და აცხადებს: „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილებისა და მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს“.2009 წელს სტრასბურგსა და კელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში, თუმცა, იმავე სამიტის გადაწყვეტილებით, წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც დარჩა იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა. საქართველოს „MAP“-ის მიცემაზე უარი ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე უთხრეს.
ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს კომისიასა და საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას ცენტრალური როლი აკისრია იმ პროცესის ზედამხედველობაში, რომელიც ბუქარესტის სამიტზე დაიწყო.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რათა რეფორმების გზით თავისი ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიაში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობით მიაღწიოს თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, გავაფართოოთ საქართველოს კავშირი ალიანსთან, მათ შორის, საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკური დიალოგის, პრაქტიკული თანამშრომლობისა და თავსებადობის შემდგომი გაძლიერების გზით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციის თანახმად, ნატო მიესალმება და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, დემოკრატიულ, საარჩევნო, სასამართლო სისტემის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და, ასევე, ისეთი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაცია ცალკე აღნიშნავს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას კოლეგებთან ოთხი ქვეყნიდან – მაკედონიიდან, მონტენეგროდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან და საქართველოდან, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან.
ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ამ ქვეყნების ინდივიდუალური პროგრესი ფასდება, იგეგმება მომავალი თანამშრომლობა და გაიცვლება ჩვენს პარტნიორებთან შეხედულებები.
„ჩვენ მადლიერი ვართ პარტნიორებისა, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან, იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეაქვთ და რომელიც წარმოაჩენს მათ ერთგულებას უსაფრთხოების კუთხით არსებული ჩვენი საერთო მიზნების მიმართ“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციის მიღებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ საქართველოს ჩასმა ბალკანეთის სამი ასპირანტი ქვეყნის კონტექსტში ერთ-ერთი ის პოზიტიური ელემენტია, რომელსაც თბილისი წლევანდელი ნატოს სამიტისგან იღებს.
დეკლარაცია იმეორებს ნატოს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიესალმება საქართველოს სრულ შესაბამისობას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და, ასევე, ნდობის აღდგენისკენ მიმართულ სხვა ცალმხრივ ზომებს. აქვე ალიანსი მიესალმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილისის პირობას და რუსეთს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს.
2009 და 2010 წლების სამიტების ორი დეკლარაციის მსგავსად, ჩიკაგოს სამიტის საბოლოო დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების აღიარება.
დეკლარაცია, რომელიც მიესალმება „მნიშვნელოვან პროგრესს“ ნატო-რუსეთის თანამშრომლობაში, ასევე, აცხადებს, რომ ალიანსი ისევ შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების თავისუფალი შესვლა უზრუნველყოს აფხაზეთსა და ოსეთში.
დეკლარაცია, ასევე, გამოხატავს ნატოს მადლიერებას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს, როგორც „ISAF“ -ში სამხედრო ძალების მეორე მსხვილი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორის, მნიშვნელოვანი წვლილის გამო.