საზოგადოება
კონკურს „რუსკოე სლოვოში“ ქართველმა გაიმარჯვა

1gruzin-pobedilთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო ცენტრში გაიმართა საქართველოს რუს ქალთა კავშირ „იაროსლავნას“ თავმჯდომარე ალა ბეჟენცევას ბრიფინგი, რომელიც სლავური დამწერლობის დღეს და კავშირ „იაროსლავნას“ 10 წლისთავს მიუსადაგეს. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ამ ორი თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელზეც ქართველი შემსრულებლები რუსულ სიმღერებს მღეროდნენ. „იაროსლავნამ“ ფონდ „რუსკი მირის“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში სლავური დამწერლობის დღისადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებები ჩაატარა.

„პირველი ეტაპი იყო სემინარების ციკლი რუსული ენის, როგორც უცხო ენის, მასწავლებლებისათვის. 25 პედაგოგს სერტიფიკატები გადაეცა“, – აღნიშნა ალა ბეჟენცევამ. მისი თქმით, აგრეთვე, ჩატარდა თხზულებათა კონკურსი თემაზე „რუსული სიტყვა“. „ორგკომიტეტში 80-ზე მეტი ნაშრომი შემოვიდა. სასიხარულო ფაქტია, რომ საკონკურსო თხზულებების 70% არარუსი ეროვნების ავტორებს ეკუთვნოდა“, – მიუთითა ალა ბეჟენცევამ. კონკურსში უჩა ავსაჯანიშვილმა გაიმარჯვა.

საქართველოს რუს ქალთა კავშირი 2002 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ის საქართველოში მცხოვრებ რუსი ეროვნების ქალებს აერთიანებს. „კავშირი იმისათვის შევქმენით, რომ მარტოხელა ქალებს დავეხმაროთ, რომლებიც მძიმე 90-იან წლებში ნათესავებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. მათ ელემენტარული დახმარება სჭირდებოდათ: საბუთების თარგმნა, ბლანკების შევსება, იურიდიულ საკითხებში გარკვევა“, – აღნიშნა ბეჟენცევამ.

მისი აზრით, საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნა რუსული დიასპორის წარმომადგენელთათვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ამასთან, საქართველოში მცხოვრები რუსების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ბეჟენცევას თქმით, ამჟამად საქართველოში რუს ქალთა კავშირის მთავარი პრობლემა მუდმივი დაფინანსების უქონლობაა, რის გამოც ბევრი პროექტის განვითარება მუხრუჭდება.

„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი