თბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „Trend“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ელმან აბდულაევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობაში რაიმე სადავო საკითხი არ არსებობს.
მისი თქმით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სასაზღვრო ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხი სუფთა იურიდიული საკითხია, რომელიც დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი კომისიის ფარგლებში იქნა განხილული.
აბდულაევმა, ასევე, განაცხადა, რომ, როგორც მოსალოდნელია, ამ საკითხს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.დავითგარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი უკვე დიდი ხანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.
ჩიკაგოში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის თემა, ძირითადად, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარება იყო.
„ჩვენი მთავარი მიზანია, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი შეუზღუდავად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის ყოველთვის“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მართავს.