პუბლიკაციები
„სახალხო ლაშქარი“ სამეგრელოში

1lashqari1“ ზუგდიდიდან დღეს ასამდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე 5-დღიან წვრთნებზე სენაკის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს. მანამდე კი, ბოლო დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ – ოპოზიცია მას „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს“ უწოდებს, ხელისუფლება – „რეზერვს“, – იუწყება www.tspress.ge  

რამდენადაა კავშირში ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულ რეზერვთან, ვინ არიან მათი ლიდერები სამეგრელოს სოფლებში, სად ცხოვრობენ ისინი და რას ეძახიან ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერები „სახალხო ლაშქარს? -  წაიკითხეთ ქვემოთ და ნახეთ ვიდეო 5 ნაწილად  www.saqinform.ge მთავარ გვერდზე.

 

განხეთქილება ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის 

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი ლუიზა თევზაძე სამეგრელოში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ ინფორმაციას ფლობს. თუმცა მისთვის ამ ჯგუფების მიზნები უცნობია.

ის შიშობს, რომ ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. თევზაძის ინფორმაციით, ზუგდიდში ამ დაჯგუფებებს ყოფილი ე.წ. ზვიადისტები –  ანზორ ჩხეიძე და ვახტანგ ზარანდია – ხელმძღვანელობენ.

მისი ინფორმაციით ე.წ. მოხალისეთა შეკრება უბნის ლიდერებს ევალებათ. ზუგდიდი სამ უბნადაა დაყოფილი: დაბალი  და მაღალი ზონის სოფლები, ასევე, ქალაქის ზონა. თავად ქალაქი კი 20 უბნად იყოფა.

სახალხო ლაშქარი 

ზარანდია და ჩხეიძე გამსახურდიას მთავრობის სამხედრო პირები  და გამსახურდიას მხარდამჭერებისათვის საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურები არიან.

ისინი თავს „სახალხო ლაშქრის“ ლიდერებად მიიჩნევენ და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოსთვის „ზურგის გამაგრებაზე“ საუბრობენ.

ჩხეიძე ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებს (დარჩელი, ერგეტა, ანაკლია, განმუხური და კახათი) კურირებს, ზარანდია – მაღალი ზონის სოფლებს (ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი, ყულიშკარი, გრიგოლიში) .

ჩხეიძის ინფორმაციით, ლაშქარში მოხალისეების მიღება ზუგდიდში ნოემბრიდან დაიწყეს. ის tspress.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ლაშქარი სოფლისა და ქუჩის დასაცავად შეიქმნა. კითხვაზე, თუ რისგან უნდა დაიცვან მათ სოფლები, ჩხეიძე პასუხობს: ბუნებრივი კატასტროფების და უცხო სახელმწიფოს აგრესიის დროს.

ანზორ ჩხეიძის განცხადებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი „სახალხო ლაშქარი“ 1500-მდე მეომარს ითვლის. ისინი წვრთნებს სენაკის სამხედრო ბაზაზე გადიან. მისი თქმით, მათ უკვე მისცეს სამხედრო ფორმები და “ბათინკები”, ხოლო იარაღი გადაეცემათ ნომრების მიხედვით და მას საჭიროების შემთხვევაში გამოიტანენ.

ანზორ ჩხეიძე არ მალავს, რომ მას „სახალხო ლაშქრის“ ლიდერობა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა კობა ახვლედიანმა სთხოვა.

ჩვენთან ერთად იბრძოდა კობა ახვლედიანი, მინისტრის მოადგილის დონეზეა მაგ ბიჭი... პოლკოვნიკი ბიჭია... ეს ხალხი მოვიდა ჩემთან და მთხოვეს ამ რეზერვზე და რაღაცეებზე, შენ მეომარი კაცი ხარო, და ჩვენ მეგობრები ვართო. ჩემმა სინდისმა ვერ გამაჩერა სახლში... ეს იყო ნოემბერში, – გვიყვება ლაშქრის ლიდერი ჩხეიძე, რომელიც ის ლაშქრის საარჩევნოდ რაიმე სახის დავალებების შესრულებისთვის გამოყენებას გამორიცხავს.

ჩხეიძის განცხადებით, იარაღს დაურიგებენ, ვისაც შეეძლება იარაღის აღება, სირბილი ან დაწოლა, გადახტომა, მოხტომა, და არა ხანშიშესულ წევრებს.

– „უბნები არის დაყოფილი. ყველა სოფელს ყავს ლიდერი, რომელიც დადის და ბიჭებს ეუბნება, რომ ვისაც სურვილი გაქვთ 5-6-დღიანი რეზერვში წამოსვლის, თუ არადა მათი ნებაა. თქვენ ძალიან კარგად იცით და გესმით, რომ რუსეთთან ცოტა კონფლიქტში ვართ, ყოველთვის მოსალოდნელია მათგან რაღაცეები და ამიტომ ჩვენ ჩვენი სოფლები და ქალაქი უნდა დავიცვათ”.

ბატალიონ „ოდიში-ჯიხას“ ხელმძღვანელი ვახტანგ ზარანდია ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან დაახლოებული პირი და მისი მარჯვენა ხელი იყო. ის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2003 წელს, იარაღის უკანონო შენახვისათვის დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორი წლის შემდეგ ის პრეზიდენტმა შეიწყალა.

ვახტანგ ზარანდიას განცხადებით, მის დაქვემდებარებაში, მარტო სოფელ ჯიხაშკარში 100-ზე მეტი მოხალისეა. მისი თქმით, ის ანგარიშვალდებული თავდაცვის სამინისტროს წინაშეა. თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან მას და სხვა რეზერვისტებს არავითარი ხელშეკრულება არ აკავშირებთ. შეთავაზება, ჩხეიძის მსგავსად, თავდაცვის სამინისტროდან არაოფიციალურად მიიღო.

ზარანდია ბანდფორმირებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას “ოპოზიციის გამოგონილს” უწოდებს.

ეს არის ოპოზიციის მოგონილი, რადგან ოპოზიციას, ხალხი რომ გამოიყვანოს, ამის რესურსი არ აქვს და რაღაცებს იგონებს... ხალხი არ დაუდგება, იციან და ახლა რაღაცას უნდა დააბრალონ ხან რეზერვისტებს, იქით ჯარს. არავინ არავის არ შეუშლის ხელს. გამოვიდნენ და ნახავს ყველა, ვინ ვის გამოიყვანს და ვინ ვის დაუდგება, – ამბობს ზარანდია.

ხელისუფლებამ  ხალხის დარბევა ან სხვა მსგავსი რამ რომ უბრძანოს, მისი განცხადებით, იარაღს ხელში არ აიღებს.

ფორმირებების მისამართები პეტრიაშვილი, რუსთაველი, ღურწკაია

ზუგდიდში, პეტრიაშვილის 24 ნომერში, მარტოხელა ვათა აფსანძის სახლში 4 თვეზე მეტია, ხუთი ადამიანი ცხოვრობს. მეზობლებს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სახლის პატრონი პირად საუბარში ამბობს, რომ მისი სახლის მობინადრეები ყოფილი პარტიზანები არიან, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცის. აფსანძე მდგმურებისგან ყოველთვიურად 200 ლარს იღებს.

მისი სახლის ერთ-ერთი მობინადრე ვიდეოგადაღებაზე უარს აცხადებს და პირად საუბარში ამტკიცებს, რომ ის არანაირ დაჯგუფებაში არ არის.

ფარული ჩანაწერი, პეტრიაშვილის ქუჩა

რუსთაველის ქუჩის დასაწყისში, სამაიას ბაღთან, მეზობლებისთვის უცნობმა „სამხედრო პირებმა“ ორსართულიანი გაურემონტებელი სახლი გასული წლის ოქტომბერში იქირავეს. მეზობლების თქმით, მისი ახალი მობინადრეები იარაღითა და სამხედრო ფორმებით ხშირად დადიან ხოლმე. მეზობლების განცხადებით, მათი ქუჩის ახალ მობინადრეებთან ხშირად დადიან „ჯიპებით“ „ტელევიზორში ნანახი ადამიანები”.

ზოგიერთი მათგანის თქმით, ისინი პარტიზანები არიან, თუმცა მათ კონკრეტულად არ იციან, რა ხდება მათ სამეზობლოში.

რუსთაველის ქუჩაზე აღნიშნული ნაქირავები სახლიდან გამოსულმა ორმა მამაკაცმა tspress.ge-ს კითხვებს არ უპასუხა და უკანვე შებრუნდა. მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პარტიზანები არ არიან.

სამეზობლოში ახალი მობინადრის შესახებ ინფორმაცია არც ღურწკაიას ქუჩის მცხოვრებთ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მათ სამხედრო ფორმებში არასდროს უნახავთ ახალი მეზობლები, ისინი, ძირითადად, სამოქალაქო ფორმებში არიან.

აქვთ თუ არა კავშირი, ზუგდიდში, ღურწკაიას, პეტრიაშვილის და რუსთაველის ქუჩების ახალ მობინადრეებს თავდაცვის სამინისტროსთან, tspress.ge ამის გასარკვევად თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს, დაუკავშირდა.

თავდაცვის სამინისტრო კერძო სახლებში არანაირ შენაერთებს არ ფლობს და ეს მხოლოდ ოპოზიციის ბოდვაა. ჩვენ ჯარისკაცები მხოლოდ ბაზებზე ან კარვებში გვყავს და არა კერძო სახლებში, – აცხადებს მახარაძე.

რამდენიმე დღის წინ, თავად თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ფორმირებების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ამავე სიტყვით შეაფასა.

 

www.tspress.ge დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia