თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო ცენტრში ერეკლე მეორეს საზოგადოების პრეზიდენტ არჩილ ჭყოიძის ბრიფინგი გაიმართა. ერეკლე მეორეს საზოგადოების ოფისი, რომელიც უზნაძის ქ. №15-ში მდებარეობს, ბოროტმოქმედებმა გაქურდეს. მოპარულია კომპიუტერი, ორი მონიტორი, პრინტერ-კომბაინი, აპარატურა დოკუმენტური ფილმების დასამონტაჟებლად ციკლიდან „მედლის ორი მხარე“, ასევე, სხვა წვრილი ნივთები.
„ჩვენი ოფისი ისტორიული შენობების იმ კომპლექსშია, რომელშიც ამჟამად აქტიური რესტავრაცია მიმდინარეობს. ამიტომ საზოგადოების წევრები ოფისში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდიან. 16 მაისს აღმოვაჩინეთ, რომ ოფისი გაქურდულია, მაგრამ ზუსტად რომელ დღეს მოხდა ეს, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ბრიფინგზე არჩილ ჭყოიძემ.მისი აზრით, „ეს ჩვეულებრივი ქურდობა არ იყო, რადგანაც ჩვენი ოფისის გვერდით უამრავი სხვა ოფისია, სადაც ბევრად უფრო ძვირადღირებული ტექნიკა დგას“.
„ბრიფინგზე რომ მოვდიოდი, შემატყობინეს – დღეს დილით ოფისი მეორედ გაქურდეს“, – დასძინა ჭყოიძემ.
„ერთი თვით ადრე, სანამ ინტერნეტში საზოგადოების მიერ გადაღებული ფილმი განთავსდა, რომელიც აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კრიტიკას შეიცავდა, ჩვენს ვებგვერდზე ჰაკერების უხეში თავდასხმა განხორციელდა. ამის შემდეგ ვებგვერდი ერთი კვირის განმავლობაში ვეღარ აღვადგინეთ. ეს ქურდობა კი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე გადაღებული ფილმის დემონსტრაციას და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების მკაცრ განცხადებას დაემთხვა“, – განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
საზოგადოების პრეზიდენტის აზრით, ოფისის გაქურდვა შეეძლოთ როგორც ჩვეულებრივ ქურდებს, ისე რომელიმე რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებს. ამჯერად საზოგადოების წევრები მუშაობდნენ ფილმზე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ.
„ამ ქურდობამ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, რამდენადაც ყველა მოპარული საგანი ერეკლე მეორეს საზოგადოების წევრთა პირადი შემოწირულობაა. აქ იყო დოკუმენტები და უამრავი ფოტომასალა, რომელთა აღდგენას დრო დასჭირდება. მიუხედავად ამისა, ფილმი ქართული მასმედიის რეალიების შესახებ ივნისის ბოლოს მაინც გამოვა“, – განაცხადა ჭყოიძემ.