სამართალი
სახელმწიფომ თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს

1saxelmwifom-samarT-1თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხება.

ახალი ინიციატივის თანახმად, თანამდებობის პირთა შესახებ არსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გათანაბრებულია კერძო პირის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან და დაინტერესების შემთხვევაში, ავტომატურ გაცემას არ ექვემდებარება.

„ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა საჯარო და კერძო პირების პერსონალური მონაცემების მიმართ, რადგან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეს კატეგორიები მკვეთრად არის გამიჯნული. თანამდებობის პირები ფლობენ სახელმწიფო ხელისუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს და შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამიტომ დაუშვებელია, საზოგადოებას ჩამოერთვას უფლება, გააკეთოს არჩევანი, თუ ვის ირჩევს, რა ქონებას ფლობდა ის თანამდებობაზე დანიშვნისას და როგორ შეიცვალა მისი ეკონომიკური მდგომარეობა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და სხვა მნიშნელოვან ინფორმაციას, რომლებიც მოქალაქეს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სისტემა ემყარებოდეს ღიაობას, მოქალაქეთა ჩართულობას, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პრინციპებს.

„მედიას უნდა ჰქონდეს საშუალება, მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების თაობაზე, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ღია მმართველობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაამდაბლოს დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტი და არ გააუქმოს თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გარანტიები“, - აღნიშნულია განცხადებაში.