სამართალი
ახალი პრეტენზიები „გლობალ ტვ“-ის მიმართ

1global-tv--samarT-2თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. „გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კვლავ განიცდიან ზეწოლას ხელისუფლებისა და მის მიერ კონტროლირებადი მაუწყებლების მხრიდან.

„გლობალ ტვ“-ის ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ხუთმა არხმა – „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, „საქართველომ“, „მზემ“ და „ახალმა არხმა“ – სრულიად უსაფუძვლოდ ერთმანეთის მიყოლებით მოსთხოვა „გლობალ ტვ“-ის ხელმძღვანელობას, რომ სამაუწყებლო პაკეტიდან ამოეღოთ ეს არხები. „გლობალ ტვ“-მ დროულად შეასრულა ეს მოთხოვნა და 27 მარტიდან შეწყვიტა ამ არხების რეტრანსლაცია. 2012 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ დააკმაყოფილა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და აუკრძალა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ამ არხის „ნებისმიერ სახით რეტრანსლირება, მათ შორის, საკუთარი აბონენტებისთვის დამონტაჟებული ანტენებიდან მიღებული სიგნალის მისივე მიმღების „რესივერების“ მეშვეობით გადაცემის გზით“. 4 დღის შემდეგ იმავე სასამართლოს იმავე მოსამართლემ შპს „ტელეიმედის“ ანალოგიური მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

„რუსთავი 2“-მა და „ტელეიმედმა“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს იმ მოთხოვნით, რომ „გლობალ ტვ“-ის უზრუნველეყო, თავის აბონენტებს არანაირი საშუალებით ამ არხებისთვის არ ეყურებინათ. თუმცა, როგორც „გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან შეხვედრისას აცხადებენ, ეს ტექნიკურად და ორგანიზაციულად შეუძლებელია, რადგან ორივე ტელეარხი თანამგზავრის საშუალებით იღებს სიგნალს და ჩვეულებრივი ანტენითაც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს მისი მიღება და ისინი ვერ შეძლებენ, ყველა აბონენტი აკონტროლონ და არ მისცენ უფლება, დაამონტაჟონ სატელიტური თეფში და „რესივერები“, რომელთა მეშვეობითაც ხდება არხების არა რეტრანსლაცია, არამედ თავად „რუსთავი 2“-სა და „ტელეიმედის“ მიერვე რეტრანსლირებული სიგნალის მიღება.

„თუ ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ, მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგვეკისრება, არადა, იმისთვის უნდა დავისაჯოთ, რასაც არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

„გლობალ ტვ“-ის განვითარების დირექტორ ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, ის, რისი გაკეთებაც დააკისრა მათ სასამართლომ, გარდა იმისა, რომ შეუძლებელია ტექნიკურად, არის კანონის დარღვევა, აუკრძალონ ყველა თავის აბონენტს ანტენის დაყენება. „ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დარღვევა – ყველამ მიიღოს ინფორმაცია“, – აღნიშნა ზურაბ ბაზლიძემ.

„გლობალ ტვ“-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნატა გელაძის თქმით, „რუსთავის 2“-მა და „ტელეიმედმა“ განაცხადეს, რომ სამაუწყებლო ქსელიდან ამოეღოთ თავიანთი არხი, რადგან ირღვეოდა მათი უფლებები, თუმცა რა უფლებაზე იყო საუბარი, მათ არ დაუკონკრეტებიათ. „გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლებმა 5 დღის ვადაში იმავე სასამართლოში გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება და ელოდებიან გადაწყვეტილების მათ სასარგებლოდ მიღებას, რადგან ისევ იმ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ იციან, როგორ იმოქმედონ, რადგან ეს ჰგავს იმის აკრძალვას, რასაც არ აქვს მათი მხრიდან ადგილი.

„გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ზეწოლა მათზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ სამაუწყებლო ქსელში შპს „მე-9 არხი“ ჩასვეს. მათი ცნობით, ზუსტად 10 დღის შემდეგ მიიღეს „ტელეიმედიდან“ წერილი, რომ ეს არხი მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა.