საზოგადოება
სექსუალურ უმცირესობათა აქცია

1homofobia-sazog-1თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. გუშინ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია “იდენტობის” ინიციატივით თბილისში, ფილარმონიასთან, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები შეიკრიბნენ. მათ სურდათ, ფილარმონიიდან ორბელიანის მოედნისკენ მსვლელობა მოეწყოთ.

აქციის მონაწილეები ლგბტ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სიძულვილს აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორები ყველას მოუწოდებდნენ აქციაზე მისვლისკენ, ვინც ეთანხმებოდა აზრს, რომ პრობლემა ჰომოსექსულობა კი არა – ჰომოფობიაა.

მათი განცხადებით, ამ აქტიურობის მიზანია, საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების დამსხვრევა. მეტროსადგურ “რუსთაველთან” აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის” წარმომადგენლებმა. აქციას გამვლელი მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ათობით თანამშრომელი. ერთ-ერთ გამვლელსა და აქციის ერთ-ერთ მონაწილე ლევან ბერიანიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა ბერიანიძე დააკავეს, რაც აქციის სხვა მონაწილემ გზის გადაკეტვით გააპროტესტა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ის და მისი კიდევ ერთი თანამოაზრე პოლიციამ დააკავა, თუმცა სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ყველა გაათავისუფლა.