საზოგადოება
წყალდიდობა გურჯაანის რაიონში

1gurjaani-sazog-2თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონში კვლავ წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ გურჯაანსა და სოფელ ჯიმითში საცხოვრებელი სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

სოფელ ჯიმითის მოსახლეობის ნაწილს წყალი სახლების პირველ სართულზე შეუვარდა, რის შედეგადაც საოჯახო ტექნიკა, ავეჯი და სურსათი განადგურდა. ამასთან, გურჯაანში ჩამომავალი მდინარე ნავთისხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტი დატბორა.

წყალდიდობამ გურჯაანის რაიონის სოფლების – კაჭრეთი-ჯიმითის – დამაკავშირებელი ხიდი ჩაანგრია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გურჯაანი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე მეორადი გზებიდან ღორღი ჩამოიტანა, რამაც გურჯაანი-ბაკურციხის მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა.

კახეთში ძლიერ წვიმას ქარიშხალი ერთვოდა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაგლიჯა და რეგიონში 3 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რომლებიც სპეციალური ტექნიკით, გზის გაწმენდით სამუშაობთან ერთად, დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.