პოლიტიკა
ივანიშვილი კონსტიტუციაში შესატანი ასეთი ცვლილებების წინააღმდეგია

1ivani-S-politika-3თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისთვის შექმნილი კანონის დამტკიცების წინააღმდეგია.

საკითხი საქართველოს კონსტიტუციაში შესატან იმ  ცვლილებებს ეხება, რომლითაც  არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის მოქალაქეებსაც ენიჭებათ.

„მე კიდევ მაქვს დიდი იმედი, რომ ამ კანონს არ დაამტკიცებენ, იმდენად აბსურდულია ეს კანონი და არავითარ ანალიზს არ ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ეს არ კეთდება ჩემთვის და ეს ყველასთვის გასაგებია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამით სახეს ინარჩუნებს, მაგრამ მეც ასე ვფიქრობ – სააკაშვილი მართლა ინარჩუნებს სახეს და კარგად აჩვენებს, ვინცაა. მაგრამ ის სხვანაირად ფიქრობს – ანალიზს ვერ აკეთებს და ჰგონია, რომ კარგ სახეს აჩვენებს. ცდილობს, მოძალადის სახე შეინარჩუნოს და აჩვენოს, რომ უკან არ დაიხევს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უკანდახევაზე გაცილებით მეტია. ლამის ყირაზე დააყენოს პარლამენტი და ქვეყანა დააქციოს ამის გულისთვის. იგი სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, თუმცაღა ქვეყანაა ამათ უკან და მწარე სიცილი თუ მოგერევა კაცს. რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა და ძირითადი კანონი – კონსტიტუცია. ამ კანონის მიღების შემთხვევაში იმდენი პრობლემები იქმნება და იმდენი კითხვები ჩნდება, რომ კიდევ მაქვს იმედი, დარჩენილ დროში ვინმე მოვა გონზე და არ მიიღებენ ამ კანონს“, – აღნიშნავს ივანიშვილი.

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.