თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონის“ მე-3 საკონფერენციო დარბაზში გაეროს მოდელირების რიგით მე-100 საიუბილეო კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი იმართება.
კონფერენცია წარმოადგენს ახალგაზრდული პროექტის – „საქართველოს გაეროს მოდელირების 2012 წლის საგაზაფხულო ციკლის“ – კულმინაციას. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის (UGRAD) კურსდამთავრებულთა ჯგუფი. პროექტი ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მცირე საგრანტო პროგრამისა და საქართველოში გაეროს ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ.ღონისძიებას დაესწრებიან გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს თბილისის განყოფილების ხელმძღვანელი კრის ვოლტერსი, აშშ-ის საელჩოს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯუღელი, ასევე, მონაწილე უნივერსიტეტებისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები.
გაეროს მოდელირება აკადემიური კონფერენციაა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოს სიმულირებას წარმოადგენს. მოდელირების პროცესში მონაწილეები ხდებიან დიპლომატები, წარადგენენ და იცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს, და მოკავშირეებთან ერთად წარადგენენ რეზოლუციას როგორც მთელი კონფერენციის საბოლოო შედეგს. ამ დიპლომატიური თამაშის უმთავრესი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების გაცნობა. საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს მოდელირებას ყოველწლიურად ახორციელებს 1996 წლიდან. მასში მონაწილეობა მიღებული აქვს ასობით ახალგაზრდას, რომელთა უმრავლესობა დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში.
2012 წლის საქართველოს გაეროს მოდელირება წარმოადგენს 6-თვიან ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც სიმულირებული სესიები გაიმართა საქართველოს 10 უნივერსიტეტში. მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დელეგატიდან შეირჩა 80 საუკეთესო წარმომადგენელი. შემაჯამებელი, საბოლოო, კონფერენციის მონაწილეებიდან შეირჩევიან საუკეთესო დიპლომატი, მოდებატე, მომხსენებელი და სხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებში იხსნება გაეროს მოდელირების კუთხეები, რაც სტუდენტებს გაეროს თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საინფორმაციო რესურსით მოამარაგებს.