თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. მნიშვნელოვან საარჩევნო ციკლში ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხს, რომ დამდგარიყო კონკრეტული შედეგები. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
ელჩის განმარტებით, ეს შედეგები გამოიხატებოდა გაძლიერებულ გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოში, ასევე, მეტად თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში და მოქალაქეებისთვის მეტი ლეგიტიმურობის მქონე არჩევნებში.„ეს კვლავ რჩება იმ სასურველ შედეგად, რომლის მიღწევაც გვსურდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების გახსნა საქართველოში“, – აღნიშნა ჯონ ბასმა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გახსნილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საზოგადოების შეკრებისა და აქტუალური საკითხების განხილვისთვის ხელსაყრელი ადგილებია. ამერიკის მთავრობამ დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრი 5 მლნ დოლარით დააფინანსა.
როგორც ელჩმა განმარტა, საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტიურობის წახალისებასა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
თითოეულ ცენტრს აქვს ბიბლიოთეკა და ინტერნეტი, რათა საზოგადოებას საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოძიება გაუადვილდეს. ცენტრების თანამშრომლებს შეუძლიათ თემატური ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება, მათ შორის, პოლიტიკოსებსა და საარჩევნოდ წარდგენილ კანდიდატებთან. სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ცენტრებით სარგებლობა რიგითობის პრინციპით უფასოდ შეუძლიათ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროგრამა ამერიკის მთავრობის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობას გულისხმობს. ცენტრების მართვას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებს.