პუბლიკაციები
მოგზაურობა ბავშვობაში, ანუ დაკარგული ქალაქი

wyaltubo1პირქუში ცაა, ცრის. ცივა.
ნანგრევებში მოყოლილა წარსული. ირგვლივ პარტახია.
მინებჩალეწილი შენობები თვალებდავსებულ მოხუცებს გვანან.
დროშებივით ფრიალებს სარკმელებზე გადმოკიდებული რუხი სარეცხი. თითქოს მტერს ელოდება ქალაქი და ამ "ბაირაღებით" თავის უსუსურებასა და მორჩილებაზე ღაღადებს.
გაკაფული ოდესღაც ბაღნარი.
კი, შემორჩენილა მწვანე საფარი. გულშემატკივრების მეოხებით. მარადმწვანე საფარი.
ეს ერთადერთია, რაც აქ შემორჩენილა.
ჟღერადი დუმილია. ყურისწამღები.
ძე-ხორციელი არსად ჭაჭანებს. თუგინდ რამდენიმე საათი ფეხი არ მოიცვალო.
ერთადერთი მანქანა დგას. ჩვენი.

 ნანგრევთა თავზე მწუხრის ფრინველები ისე წივიან, როგორც თოლიები - ტალღების ქიმზე.
ცივა. ბინდია. ისევ ცრის.
გამქრალა ქალაქი, დალეწილა, დაცარიელებულა. ჩემი ბავშვობის ქალაქი. და მომეჩვენა, რომ ბავშვობა მომიკლეს. იმ პატარა სულში ჩამაფურთხეს, აქაურობა წალკოტად რომ ახსოვდა.

wyaltubo2 sanatorium-megobrobis-sadzi
Untitled8 Untitled11

არა, ეს ომის შემდგომი სურათი არაა. გუშინ აქაურობა არ დაუბომბავთ. არც ქალაქის მკვიდრნი გაქცეულან სახელდახელოდ შეკრული ბარგით.

აქ ცხოვრობენ თურმე. თვინიერად. ჩუმად. მოთმინებით. სინანულით. მოგონებებით. უიმედოდ.
თუმცა იმედებით უხვად კვებავენ.
"... ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა მოვდუნდეთ და ყველა ის პირობა, რომელიც ხალხს მივეცით, აუცილებლად უნდა შევასრულოთ... არ არსებობს ჩვენთან რაიონი, სადაც ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი არ ხორციელდებოდეს. არაფერს ვამბობ სოციალურ პროექტებზე... საავადმყოფოების მშენებლობაზე და ასე შემდეგ... განვითარების ტემპი მაღალია. შეიძლებოდა უფრო მაღალიც ყოფილიყო, მაგრამ დღეს არსებული რეალობებიდან გამომდინარე, ეს არის, ჩემი აზრით, შესაძლებლობების მაქსიმუმი..."
ეს მცირე ამონარიდია მხარის გუბერნატორის ინტერვიუდან. დასაწყისისთვის.
-რით ცხოვრობს აქ ხალხი? - ვეკითხები თანმხლებს, რომელბსაც კრინტიც არ დაუძრავს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჩემს ბავშვობაში მოგზაურობა დავიწყეთ.
-გზავნილებით.
მომშივდა. სიამოვნებით შევიძენდი, მაგალითად, ჰოთდოგს, ბუტერბროდს ან რაღაც ამდაგვარს.
მაგრამ აქ ვერც ერთი დიდი მაღაზიის ქსელს ვერ ნახავთ. ვერსად. ორი აფთიაქია და ერთიც - ცნობილი ბანკის ფილიალი. ისიც - ცენტრში. ცხადია, პატარა მაღაზიები არის, აქა-იქ, მაგრამ საბჭოური ხანისას ჰგავს. არც მაცივრებია, არც ფართო დახლები, არც კონდიცირება, არც... არც...
-რატომაა ქუჩები უკაცრიელი? მიტოვებულ ქალაქს ჰგავს, - ვგრძნობ, ტირილი მინდა.
-მიტოვებულია. გადაიხვეწა ხალხი. უმეტესობა. დანარჩენები იშვიათად გამოდიან სახლიდან. აქ რა უნდა აკეთო. სამუშაო არაა, გასართობი არაა...
პარკში შევდივართ. აქაც არავინაა. ძროხებს თუ არ ჩავთვლით. იყო დრო, აქ უამრავი ხალხი ირეოდა. აქ ხომ მთელი ქალაქი პარკი იყო.

wyaltubo6 wyaltubo4
sanatoriumi megobroba-samzareulo

თანმხლები ჩემს მზერას აყოლებს თვალს. იღიმის.
-ეგენი "ნასროკალი" ძროხებია. თითო სამ-ოთხჯერაა დაკავებული. ახლა დღესასწაულია და საქონლისთვის არავის სცალია. საერთოდ კი, ჯარიმაა ქალაქსა და პარკში ძროხის გაშვებაზე. 10-20 ლარი. დაიჭერენ ძროხას. მიაკითხავს მერე პატრონი, ჯარიმის გადასახდელი ფული არ აქვს და ძროხასაც არ ატანენ. მოყრის მთელ სოფელს მერე და ესენიც იძულებული ხდებიან, გაატანონ საქონელი.

პარკის გასწვრივ თეთრი, ლამაზი შენობა მოჩანს. სანატორიუმს მაგონებს.
-აქაური კაცის აშენებულია, - მიხსნის თანმხლები, - ახლა რუსეთში ცხოვრობს. ბიზნესმენია. როგორც ხედავ, თანამედროვე სტანდარტების შენობაა.
-სანატორიუმი?
-დასასვენებელი სახლი დაარქვი, თუ გინდა.
- ჩამოდიან დამსვენებლები?
-აზერბაიჯანელები. 100-150 კაცი - ზაფხულობით. სამკურნალოდ. ძვირიც არაა, როგორც ამბობენ.
-დარჩა კიდევ აბაზანები, რომლებიც ფუნქციონირებს?
-ერთადერთი. №6. გახსოვს? სტალინის აბაზანებს ეძახდნენ. გინდა, ვნახოთ?
- მინდა.

6abazana wyaltubo3
wyaltubo5 sanatoriumi-megobroba

შენობის ფასადს დიდი აბრა ამშვენებს. მუქი. ზედ ამ უნიკალური წყლების შემადგენლობა, თვისებები და ქიმიური ფორმულაც კი აწერია. იმდენი ელემენტია, მენდელეევის სისტემა გეგონება. კარი დაკეტილია. დღესასწაულია და ისვენებენ. ფანჯარაში ვიჭყიტები. ჰო, როგორიც მახსოვს, თითქმის ისეთია.

შენობის წინ გაუქმებული შადრევანია. დაჭაობებული წყლიდან ბაყაყების სიმფონია ისმის. ქანდაკებები შეალახული, ფერშეცვლილი და ისეთივე პირქუშია, როგორც თავად ქალაქი.

ჩემი ბავშვობის ქალაქში 20 სანატორიუმი იყო საბჭოურ ხანაში და მერეც, ავადსახსენებელ 90-იანებამდე. აქედან, თითქმის უწინდელი სახით, ორი თუ გადარჩა. ამ ორიდან ერთი აღარ ფუნქციონირებს. დანარჩენ 18-ზე აღარაფერს ვამბობ. თუ ნანგრევებზე ოდნავ უკეთესია, იქ ლტოლვილები ცხოვრობენ. შემოგარენში ქათმები დაკაკანებენ. აქა-იქ "ნასროკალი" ძროხებიც ბალახობენ. არადა, უძველესი, მკვიდრი შენობებია, ოდესღაც ულამაზესი ფასადებით.

-თუკი აქაურ ბიზნესმენს მოაფიქრდა და სანატორიუმი ააშენა, ამ სანატორიუმებზე რატომ არავინ ზრუნავს?
-იმიტომ, რომ ქველმოქმედება და ბიზნესი ერთი და იგივე არ არის.
-მართალია, - გამალებით ვფიქრობ, - მაგრამ განა ბიზნესი არ იქნებოდა, ამ საკურორტო ქალაქის აღდგენა? თუკი სანატორიუმები იქნება, გინდაც - სასტუმროები, აბაზანები, პარკში - საბავშვო ქალაქი, ატრაქციონები; განვითარებული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი მომსახურება... ტურიზმისთვის იდეალური ადგილი არ იქნებოდა? ისევ უამრავი ხალხი არ მოაწყდებოდა? თუკი აზერბაიჯანელები დღესაც ჩამოდიან?.. აქ ხომ უნიკალური წყლებია, სამკურნალო ტალახი...

და სწორედ ამ დროს გამახსენდა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, მამუკა სანებლიძისინტერვიუ, სადაც ის ამბობს: "...ჩვენი ამოცანა არის, წყალტუბო, როგორც კურორტი აღდგეს და განვითარდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები არის გადადგმული. წყალტუბოს თითქმის ყველა სანატორიუმში ლტოლვილები ცხოვრობენ. თუ ჩვენ არ გავათავისუფლეთ სანატორიუმები, ისე ინვესტორი არ შემოვა. ამიტომ ხელისუფლებამ ლტოლვილებისათვის დაიწყო ბინების მშენებლობა. წყალტუბოში გამოყოფილია მიწის ნაკვეთი, სადაც უკვე ათი ბინის მშენებლობა დაწყებულია და ნახევრამდეა აშენებული. ეს არის წელიწად-ნახევრიანი პროექტი... ამის შემდეგ დაიწყება კურორტის აღდგენის პირველი ეტაპი... ამას გარდა, მოგეხსენებათ, პარლამენტი ქუთაისში გადადის. იქ ჩატარდება პლენარული და კომიტეტის სხდომები. ამიტომ დეპუტატების საცხოვრებლად შეირჩა წყალტუბო. შერჩეულია ერთ-ერთი სანატორიუმი, რომელიც გარემონტდება ამ დროისათვის.

ამით ჩვენ ორ საქმეს ვაკეთებთ, - ერთი ის, რომ დეპუტატებს ექნებათ საცხოვრებელი და მეორე - ეს არის ძალიან დიდი სტიმული წყალტუბოს განვითარებისათვის (ხაზგასმა ჩემია). ინფრასტრუქტურის შექმნა დადებითად იმოქმედებს კურორტის აღდგენა-განვითარებაზე, ინვესტიციის მოზიდვაზე... წყალტუბოში უპირველსად მოსაგვარებელი პრობლემა არის დევნილების დაკმაყოფილება ბინებით, რაც ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია. ეს ყველაფერი კი დასაქმების პრობლემასაც მოხსნის წყალტუბოში. როცა კურორტი ფუნქციონირებდა, ათი ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. კურორტის ამ დონეზე აღდგენა ნიშნავს, რომ წყალტუბოს პოტენციალი ამას არ ეყოფა და მეზობელი რაიონებიდანაც დასაქმდება ხალხი. კურორტის აღდგენა 100 პროცენტით გადაჭრის დასაქმების პრობლემას წყალტუბოში"...

აქვე კვლავ გავიხსენებდიადგილობრივი გაზეთისთვის მხარის გუბერნატორის მიერ მიცემულ ინტერვიუსაც , სადაც იგი ამბობს: "იმერეთში განვითარების ტემპიმაღალია. შეიძლებოდა, უფრო მაღალიც ყოფილიყო, მაგრამ, დღეს არსებულირეალობებიდან გამომდინარე, ეს არის, ჩემი აზრით, შესაძლებლობის მაქსიმუმი.შესაბამისად, ყურადღებასთან დაკავშირებით: ალბათ, ვერავინ მეტყვის მე, რომ იმერეთსროდესმე ჰქონდა ისეთი დიდი ყურადღება, როგორიც დღეს ექცევა ცენტრალურიხელისუფლებისა და ყველასგან, ვისაც კი შეუძლია"... და სადაც ერთგან აღნიშნავს, რომ"წყალტუბოშიც, რა თქმა უნდა, რაღაცები კეთდება"...

saqkolmjanmrtelobis-saabaza sanatoriumi3
sanatorium-megobrobis sanatoriumi2

ახლა, მოდი, ცოტა წარსულსაც გადავავლოთ თვალი.

წყალტუბოს მინერალური წყლის ისტორია

კურორტ წყალტუბოს მინერალურ წყალს დიდი ხნის ისტორია აქვს.

გეოლოგიურ მიმართებაში, წყალტუბოს წყალი უძველესი წარმოშობისაა. მისი ასაკი, დაახლოებით  100-150 ათასი წელია და მის ფორმირებაში თანამედროვე ჰიდროქიმიური პროცესები მონაწილეობს.

1782 წელს, „ბერლინის საბუნებისმეტყველო  საზოგადოების შრომების" კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ.

1887 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ. ს. პალასიმ საკუთარი ინტერპრეტაციით დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები, რომელთა წყალობით ცნობები წყალტუბოს წყაროების შესახებ გამოჩნდა ევროპულ ლიტერატურაში.

ხანგრძლივი შუალედის შემდგომ, 1809 წლიდან  იწყება წყალტუბოს მინერალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება როგორც რუსულ, ისე დასავლეთევროპულ პრესაში.

1809 წელს გერმანულიდან შერჩევით მოკლედ რუსულად ითარგმნა ი.გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი", რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ.

1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში, ასევე, იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის" მიხედვით.

1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენტიკლოპედია" მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ.

1898 წელს, გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი.

1902 წელს პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა ჩაატარა წყალტუბოს წყლის პირველის რული ქიმიური ანალიზი.

წყალტუბოს მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობა

უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლები განეკუთვნება სუსტადრადონულ (1- 3 ნანოკიური ანუ 40-100 ბეკერელი), ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ სულფატურ, ნატრიუმიან მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (34-35 OC) საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე. t = 34-35O C; დებიტი - 20 მლნ. ლიტრი დღე-ღამეში

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასშიშემავალი ინგრედიენტები - უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლებირაოდენობითაა.

წყალტუბოს წყაროების შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გაზები: აზოტი,რადონი, ჰელიუმი, არგონი.

წყალტუბოს წყაროების მინერალური კომპონენტი რომ არ მერყეობს, ეს იქედანაც ჩანს,რომპროფესორ ვასილ პეტრიაშვილის მიერ 1902 წელს გაკეთებული ქიმიურიანალიზიდან დღემდე, იგი არ შეცვლილა.

1element

ამ მცირე ექსკურსს მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ წყალტუბოს მინერალურ წყალს "უკვდავებისას" უწოდებდნენ, რადგან ის უამრავ, მათ შორის გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გინეკოლოგიური, კანის, ნერვული სისტემის და ა.შ. დაავადებებს ყველაზე ეფექტიან წამლებზე გაცილებით უკეთ კურნავს.

უფრო მეტიც, აქ საკაცით ჩამოყვანილი და თითქმის უიმედო ავადმყოფები შინ საკუთარი ფეხით ბრუნდებოდნენ.

აქაურ კარსტული მღვიმეების მიკროკლიმატის სამკურნალო ძალა კი ჰიპერტონული დაავადებების, ბრონქული ასთმისა და ნევროზებისათვის კოლოსალურია.

და ეს არ არის ჩემი ბავშვობის ქალაქის ერთადერთი ღირსება. ეს ქალაქი-კურორტი-პარკი სათანადო ყურადღების პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტს სოლიდურ შემოსავალს მოუტანს. ერთმნიშვნელოვნად.

ვიცი, რომ აქ 350 დევნილს უკვე საცხოვრებელი ბინა გამოუყვეს;

ვიცი, რომ ქუთაისში პარლამენტის ამოქმედების შემდეგ, დეპუტატები თავადაც დაინტერესდებიან ამ კურორტის კეთილმოწყობით;

ვიცი, რომ პრეზიდენტმა 2-3-4 წელი ითხოვა იმისათვის, რომ ეს ქალაქი სამოთხედ აქციოს.

და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე, ჩემი ბავშვობის ქალაქში ჩასულს სულში ჩაფურთხებული ბავშვის განცდები აღარ მექნება.

ცხადია ლაზიკას ვერ შეედრება, მაგრამ ეს ქალაქი მე ასეთი მახსოვს:

tskaltubo1
tskaltubo2
tskaltubo3
tskaltubo4

ის მე ამ გზით მეგებებოდა.

gza

და სანამ კურორტი თავის ძველ დიდებას დაიბრუნებს ანდა ახალ, სულ სხვაგვარ სიცოცხლეს შეიძენს, ქართველ დეპუტატებს ამ გზით მოუწევთ ქალაქში შესვლა.

gza2

ოღონდ, არ ვიცი, მოეწონებათ თუ არა, რაც იქ დახვდებათ...

ნანა ჩარკვიანი, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"