თბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერითა და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოსთან (IREX) მჭიდრო თანამშრომლობით სპეციალური მედიაჯგუფი იქმნება.
სხვადასხვა მედიასაშუალებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი პერმანენტულ შეხვედრებს გამართავს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განხილვებს მოაწყობს. პირველი შეხვედრა თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. გაცნობითი შეკრება ჯგუფის მუშაობის ფორმატისა და კონკრეტული მიზნების განსაზღვრას ისახავდა მიზნად.როგორც ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, სამუშაო ჯგუფი მედიაში წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გაშუქების საკითხებზე იმუშავებს.
„მისი მიზანი მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება და მედიაგაშუქების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც, თავის მხრივ, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობასა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რასაც ცესკო მედიასაშუალებებთან დაკავშირებით აპირებს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიისათვის რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რათა ეს პროცესები ეფექტურად გაშუქდეს“, – აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.
მისი ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველოში საარჩევნო გარემოსადმი მოსახლეობის ნდობა 20-დან 25 პროცენტამდე მერყეობს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სამწლიანი სტრატეგიული გეგმის განხორციელების შედეგად კი ცესკო ამ მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტად გაზრდას ელის.
როგორც ჟურნალისტებს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ამგვარი სამუშაო ჯგუფის შექმნა და ცესკოსთან კოორდინირებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგისათვის, თუ რამდენად ნაყოფიერად იქმნება არჩევნებთან დაკავშირებული მედიაპროდუქცია.
შეხვედრას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ნერმინ ნისიჩიც ესწრებოდა.