სამართალი
საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, თუ კარგად დავიწყებული ძველი...
1axal-iniciativaთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილის განმარტებით, ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის სისტემის შესახებ მომზადებული ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციებისა და საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საუბარია „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსა და „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც მთავრობამ პარლამენტში ორი დღის წინათ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18%-მდე შემცირდება, ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ხელფასის 2%-ის პროცენტის ახლებურად განკარგვის საშუალება ექნება. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თანხას აქტივების მართვის კომპანიაში განათავსებს. როგორც ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფონდში თანხის შეტანას ნებისმიერი დასაქმებული შეძლებს.
„2013 წლიდან ფიზიკურ პირს საშუალება ექნება, საშემოსავლო გადასახადიდან 2% მომგებიან ეკონომიკურ პროექტებში განათავსოს, ხოლო 2014 წლიდან 2% გარანტირებული იქნება, თუმცა, ამავე დროს, თუ ფიზიკური პირი დამატებით 3%-ის დაზოგვას გადაწყვეტს, სახელმწიფო მას კიდევ 3%-ს ჩაურიცხავს. ჯამში 2014 წლიდან დაზოგვის ფონდში ხელფასის 8%-ის ოდენობის თანხა განთავსდება“, – განმარტავს გია ხუროშვილი.
მისივე თქმით, აქტივების მართვის კომპანია ფიზიკური პირების შენატანების მართვას უზრუნველყოფს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით ლიცენზირების პირობებს დაადგენს, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ.
„ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმებისა და მათი ეფექტიანი მონიტორინგის შედეგად, საბანკო სექტორი საკმაოდ მდგრადი და მყარია. იმისთვის, რომ ფიზიკური პირების ფულადი შენატანი სტაბილური და მყარი იყოს, აღნიშნული კომპანიების მონიტორინგი ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხუროშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, ადამიანებს ფონდების მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური სქემების წინასწარი გაცნობის  საშუალება ექნებათ და ისინი მათთვის მომგებიანი პირობების შერჩევას შეძლებენ.
ხუროშვილის თქმით, კონკრეტულ პიროვნებას საშუალება ექნება, ყოველდღიურ რეჟიმში ინტერნეტის მეშვეობით ნახოს, როგორ ხორციელდება ესა თუ ის პროექტი და რა მოგება შეიძლება მოუტანოს მის დივიდენდს.
„ინიციატივის მიზანი დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიის შექმნაა. ფიზიკური პირები გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხის გამოყენებას შეძლებენ. თანხის გატანის ვადის შესახებ ჯერ კიდევ მსჯელობენ. თუმცა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება და პირს თანხის ვადაზე ადრე გამოტანის საშუალება ექნება“, – აღნიშნა მან.
ხუროშვილი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ, ზოგადად, საშემოსავლო გადასახადს კომპანია იხდის და არა თანამშრომელი, რაც კომპანიის სახელფასო ხარჯს წარმოადგენს.
„აქედან გამომდინარე, ინიციატივა მიზნად ისახავს, საშემოსავლო გადასახადის შემცირებით გამოთავისუფლებული თანხა უშუალოდ დასაქმებულს მოხმარდეს“, – აცხადებს ხუროშვილი.