საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მერის სარეზერვო ფონდში 3 მლნ ლარი გადაირიცხა

1meria-gadaricxvaთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. ქალაქ თბილისის საკრებულოს საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა მერის სარეზერვო ფონდისთვის 3 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე იმსჯელეს. თანხა პროგრამაში „ძველი თბილისის ახალი სოცოცხლე“ გაწეული ეკონომიის ხარჯზე გამოიყოფა.
საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა გობეჯიშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით,  3 მილიონი ლარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანას და სახლების აღდგენას მოხმარდება. რაც შეეხება თანხებს,  მათ რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები განკარგავენ. აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმაც დაუჭირეს, თუმცა, მათ პრეტენზიებიც გამოთქვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძემ გამგეობებს ყველა იმ კრიტიკული წერტილების შესახებ მოსთხოვა ინფორმაცია, რომლებიც მომავალში საშიშროების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად საჭიროებს რეაბილიტაციას. ამასთან, მანვე სხდომაზე წამოაყენა წინადადება,  წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად და მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად თანხები არა მხოლოდ მერიის, არამედ  პრეზიდენტის ფონდიდანაც გამოიყოს.
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ზაზა გაბუნიამ დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფაც მოითხოვა.
სხდომაზე რესპუბლიკელმა თინათინ ხიდაშელმა ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მოითხოვა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ამსახველი დასკვნა და კონკრეტული გეგმა, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ზემოთ ხსენებული 3 მილიონი.

საკრებულოს ინფორმაციით, ამჟამად 400-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული.