საზოგადოება
სააკაშვილი აშშ-ში ქართველ ექიმებს შეხვდა

1saaka-vstrechaთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მედიცინის თვალსაზრისით, საქართველო მალე აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება. პრეზიდენტი ქვეყნის საკურორტო ზონების განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ სამედიცინო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს.

„საქართველოში სამედიცინო სექტორი საგრძნობლად ვითარდება. საქართველოს მასშტაბით, ახლა იხსნება 150 პატარა და დიდი კლინიკა. მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას ვქმნით. თბილისში უკვე გვაქვს რამდენიმე დიდი საავადმყოფო და კორეელები ახლა კიდევ ერთი 200-საწოლიანი დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას იწყებენ, რაც, დაახლოებით, 250-300 მილიონი დოლარი დაჯდება. ვფიქრობ, ახლად შექმნილ ცენტრებს შორის ის ყველაზე დიდი იქნება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში იქმნება სამედიცინო სექტორი, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ პატარა ქვეყნისთვის 5-მილიონიანი მოსახლეობით; საქართველო ხდება სამედიცინო ცენტრი მთელი რეგიონისთვის, რაც ტურიზმის მსგავსად, დიდ შემოსავალს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო კურორტების განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ქვეყანას დიდი რესურსი აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პროფესიონალი და კვალიფიციური კადრი გაჩნდეს. ამ პროცესში კი, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მოღვაწე წარმატებულ ექიმებს აქტიური ჩართვა სთხოვა და მათ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება შესთავაზა.

„სამშობლოში დაბრუნების ინსტინქტი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მე თქვენი პატრიოტული გრძნობებით არ ვსარგებლობ. საქართველოში დღეს შესაბამისი ეკონომიკური გარემოა და თითოეული თქვენგანისთვის ამ მხრივ ბევრად უფრო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა ვხდებით. საქართველოში ბევრი პროფესიონალი დაბრუნდა და წარმატებული პრაქტიკა შექმნა, რაც, ნაწილობრივ, იდეალიზმით, ნაწილობრივ კი, რეალური შესაძლებლობით იყო განპირობებული. მინდა, თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და სერიოზულად დაფიქრდეთ ამ საკითხზე. საქართველოში ბევრი რამ შეგიძლიათ გაბედულად გააკეთოთ, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები შექმნათ. თანაც, ევროპასა და ამერიკაში ბევრად მეტი რეგულაციაა და უფრო დიდი ბიუროკრატიული პროცესია. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვამცირებთ, რათა საქართველოშიც შევძლოთ, მაგალითად, სამხრეთ კორეის მსგავსად, ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველ ექიმებს 15 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ პრაქტიკა. პრეზიდენტმა მიმართა ექიმებს, დაეხმარონ საქართველოში მოღვაწე კოლეგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩამოხვიდეთ და ჩვენს ექიმებს გაუზიაროთ მსოფლიოს თანამედროვე გამოცდილება. საქართველოში ახალი მეთოდებია დასანერგი. ჩვენები ძალიან სწრაფად ისწავლიან ყველაფერს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მათ ვინმემ ასწავლოს. აქამდე არც პაციენტები იყვნენ და არც აპარატურა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ მთავარი ექიმია და არა აპარატურა. ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ახალი ცოდნა მიიღონ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.