პოლიტიკა
შეთავაზებული 82 დეკლარაციიდან საქართველო 42-ს შეუერთდა

1es-gruziaთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. 2011 წელს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 82 დეკლარაციიდან საქართველო 42-ს შეუერთდა , – ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა ბრიუსელში გამოაქვეყნა მოხსენება, ის ნაწილი კი, რომელიც საქართველოს ეხება, თბილისში წარმოადგინა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა.

„2011 წელს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის 82 დეკლარაციიდან, რომელთან შეერთება საქართველოსთვის იყო შემოთავაზებული, საქართველო 42 დეკლარაციას შეუერთდა. 2011 წლის განმავლობაში საქართველოსთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი გაიმართა, მათ შორისაა ივნისში გამართული პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დიალოგი, ასევე, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის ვიზიტი ივლისში და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ნოემბერში“, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას 2011 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, თუმცა ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ იქამდე გააგრძელებენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადას, სანამ ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები საკმარისად განვითარებულ ეტაპზე არ გადავა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომპლექტი“, რომელშიც შედის ერთობლივი კომუნიკე („ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება“ ), სადაც მოცემულია 2011 წელს მიღებული ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის

განხორციელების პირველი წლის შეფასება, ცალკე ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც შეთავაზებულია „აღმოსავლეთპარტნიორობის საგზაო რუკა“, ანგარიში „პარტნიორობა დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის“, რომელიც შეეხება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს (სამომავლო ქმედებების საგზაო რუკის ჩათვლით), ანგარიში „აღმოსავლეთპარტნიორობის“ შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (რეკომენდაციების ჩათვლით) და დანართი სტატისტიკური მონაცემებით.

ანგარიში მოიცავს 2011 წელს რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ წარმატებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში და იმ მიმართულებებს გამოყოფს, სადაც შემდგომი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.

საქართველოს შესახებ ანგარიში რეკომენდაციათა ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული შიდაპოლიტიკური რეფორმებით და დამთავრებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებით.

ის მოუწოდებს საქართველოს, ოქტომბერში უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება  და მოაგვაროს კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები; უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის პოლიტიკა დე ფაქტო ხელისუფლებებთან პრაგმატული თანამშრომლობის დამყარების გზით; განაგრძოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცება; გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა; უზრუნველყოს სისხლის სამართლის სისტემის შემდგომი ლიბერალიზაცია; გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე კონტროლი, ასევე, ებრძოლოს დაუსჯელობას და და გამოიძიოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ბრალდებები; გააუმჯობესოს შრომითი უფლებები; განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოება ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში.

ანგარიში აღნიშნავს, რომ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ ახალ საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია ასახულია, თუმცა მასში, ასევე, ნათქვამია, რომ კითხვები კვლავ რჩება საარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან დაკავშირებით.

„საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ზოგიერთ მთავარ რეკომენდაციას, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში დეპუტატის არჩევას სხვადასხვა რაოდენობის ხმები სჭირდება“,  – ნათქვამია ანგარიშში.

ვენეციის კომისია დიდი ხანია, ურჩევს საქართველოს, ხმების თანასწორობა უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გზით. კომისიამ განაცხადა, რომ უთანაბრობა ოლქებს შორის – სადაც ყველაზე პატარა და დიდ ოლქს შორის სხვაობა 6 000-დან  150 000 ამომრჩევლამდე მერყეობს – დარტყმას აყენებს ხმის უფლების თანასწორობის პრინციპს.

ანგარიშის თანახმად, ახალი საარჩევნო კოდექსი არ აგვარებს საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმების ბუნდოვანებას და მასში მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასათანადოდ არის რეგულირებული.

ამასწინათ არჩევნებზე დამკვირვებელმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადეს, რომელიც, ავტორთა თქმით, პარლამენტის მიერ გაზიარებისა და დამტკიცების შემთხვევაში, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს პაკეტი მოიცავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის მექანიზმებსაც.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოში სახელმწიფო მმართველობა კვლავაც გამოირჩევა აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტური პოზიციით, სუსტი საპარლამენტო კონტროლით და სასამართლო ხელისუფლების  არასაკმარისი დამოუკიდებლობით.

„მიუხედავად სასამართლო სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა პროგრესისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა, – ნათქვამია ანგარიშში. – მთავარი პრობლემა უკავშირდება პროკურორის ძლიერ პოზიციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობას“.

ეს, ანგარიშის თანახმად, იმითაც დასტურდება, რომ გამამტყუნებელი განაჩენების დონემ 98%-ს მიაღწია. ამასთან, შარშან, 2010 წელთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებლისა და მკაცრი სასჯელების გამო ხშირია საპროცესო შეთანხმების გამოყენების მაჩვენებელი, კერძოდ საქმეთა 87.5 %-ში.

2011 წლის ნოემბერში ძალაში შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც გაიზარდა სამართლებრივი კონტროლი საპროცესო გარიგებებზე; კერძოდ, მოსამართლეები მოვალენი არიან, პროკურორსა და ბრალდებულს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების კანონიერებასთან ერთად მისი სამართლიანობაც შეაფასონ.

ანგარიში აღნიშნავს, რომ საპატიმროების გადატვირთულობა კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს. 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 24 244 პატიმარი იყო, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბოლო დროს აქცენტის გაკეთებას ცდილობს ალტერნატიული სასჯელების გამოყენებაზე, რაც გარკვეულ წილად მიზნად ისახავს პატიმართა რაოდენობის შემცირებას.

ანგარიშის თანახმად, შესამჩნევი წინსვლა შეინიშნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეში და სისხლის სამართალწარმოებაში უფრო ლიბერალური მიდგომების შემოღების კუთხით.

მედიის თავისუფლების კუთხით, ანგარიში შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ სადისტრიბუციო ქსელები თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის.  ზოგიერთი სატელევიზიო არხი არ არის ხელმისაწვდომი მაყურებლების უფრო ფართო რაოდენობისთვის, ვინაიდან ზოგიერთი საკაბელო ქსელი ტრანსლირებაზე მათ უარს ეუბნება.

ანგარიშის თანახმად, შემდგომი პროგრესია მისაღწევი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის გასაუმჯობესებლად და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად;  დოკუმენტი, ასევე, გამოხატავს შეშფოთებას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ  გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო.

„ შეშფოთების საგანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართ დემოკრატიული ზედამხედველობის ნაკლებობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს კორუფციის დაძლევის საქმეში.

თუმცა მასში, ასევე, აღნიშნულია ის მზარდი შეშფოთება, რომ საკუთრების უფლებები სრულად არ არის დაცული საქართველოში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ, რელიგიის თავისუფლების სფეროში ერთი მთავარი მიღწევა იყო.

ევროკავშირი მოუწოდებს თბილისს, გააფართოოს ჩართულობის პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ დე ფაქტო ხელისუფლებებთან პრაგმატული თანამშრომლობის გზით.

„გადადგით პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყოთ ვაჭრობას, მოგზაურობას და ინვესტიციებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ“, – ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ თბილისმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სეპარატისტულ რეგიონებთან დეიზოლაციისა და ჩართულობის სტრატეგიის განსახორციელებლად, მათ შორის, გაიზარდა ძალისხმევა, რომ  ჯანდაცვის მომსახურება გაეწიოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას.

ანგარიშის თანახმად, ამ რეგიონების მცხოვრებთათვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევა „კონსტრუქციული ნაბიჯია შერიგებისკენ“, თუმცა ანგარიში, ასევე, აღნიშნავს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ისეთი წინაპირობების გარეშე, როგორიცაა დაჟინებული მოთხოვნა, რომ სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლეებმა აუცილებლად მიიღონ საქართველოს მიერ შემოღებული პირადობის მოწმობები.

გასულ წელს საქართველომ სტატუსნეიტრალური პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტები შემოიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის, რათა ამ დოკუმენტების მფლობელებს საზღვარგარეთ მოგზაურობისა და დანარჩენ საქართველოში არსებული სოციალური მომსახურებითა და პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ.

ევროკავშირი მიესალმება ამ დოკუმენტების შემოღებას, თუმცა, ასევე, მოუწოდებს თბილისს, რომ სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მცხოვრებთა უფრო ფართო ფენისთვის არ გახდება მისაღები, ის მგზავრობის ერთადერთ საშუალებას არ უნდა წარმოადგენდეს.

სოხუმმა და ცხინვალმა, რომელთაც გააკრიტიკეს ამ დოკუმენტების შემოღება, განაცხადეს, რომ საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები, ფაქტობრივად, ამ ორ რეგიონს შემდგომი იზოლაციისკენ უბიძგებს.

„ეს დოკუმენტები მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ჩართულობის სტრატეგიაში; თუმცა, ვინაიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ამ დოკუმენტებზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ის შენარჩუნდეს როგორც დეიზოლაციის ვარიანტი და არა როგორც აფხაზებისა და ოსების მოგზაურობის ერთადერთი საშუალება, რათა ნდობის აღდგენისა და დიალოგთან დაკავშირებული ინიციატივები არ შეფერხდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გამოყენება კვლავ პრობლემურ საგნად რჩება ჩართულობის სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისთვის.