სამართალი
ივანიშვილის კომპანია 4,76 მილიონი ლარით დაჯარიმდა

1jarima-ocnebaთბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, „მენეჯმენტ-სერვისი“ – ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან  ასოცირებული ერთ-ერთი კომპანია – კონტროლის პალატამ 4.76 მილიონი ლარით დააჯარიმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით.

კონტროლის პალატამ, რომელიც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს ახორციელებს, დაადასტურა, რომ „მენეჯმენტ-სერვისი“ დაჯარიმდა და განაცხადა, რომ დეტალების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „მენეჯმეტ-სერვისი“ შუამავლის როლს ასრულებდა „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული რამდენიმე პოლიტიკური პარტიისთვის ქვეყნის მასშტაბით ოფისების დასაქირავებლად.

„მენეჯმენტ-სერვისმა“ საქართველოს მასშტაბით 60 ადგილას იქირავა საოფისე ფართები, რომლებიც შემდეგ „ქართულმა ოცნებას“ მიაქირავა.

ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის – ალექსანდრე ბარამიძის, განცხადებით, კონტროლის პალატამ იმ მიზეზით დააჯარიმა კომპანია, რომ თითქოს ის „ქართულ ოცნებას“ მომსახურებას უფასოდ ან შეღავათიან ფასებში უწევდა. მისი თქმით, კონტროლის პალატამ ამგვარ მომსახურებად ჩათვალა ის მცირედი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე ოფისში განახორციელა.

ბარამიძემ, ასევე, განაცხადა, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება უკანონო და უსაფუძვლოა და ადვოკატები მას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თუმცა მან ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები, კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას ხანმოკლე დროში განიხილავენ და ძალაში დატოვებენ.

„მენეჯმენტ-სერვისს“ 30 დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, თუმცა კომპანიას არ გააჩნია ამდენი აქტივი, რომ გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ძალაში შევა გადაწყვეტილება, კომპანია იქნება გაკოტრებული“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ.

ივანიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ „მენეჯმენტ-სერვისის“ შესაძლო გაკოტრებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კოალიცია „ქართული ოცნების“ 60 ოფისის ფუნქციონირებას, რომლებიც კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ამ კომპანიის შუამავლობით იქირავეს.

„ამ დარტყმის მიყენებით, ბუნებრივია, ის პირდაპირ აყენებს ზიანს „ქართულ ოცნებას“. კონტროლის პალატის მთავარი მიზეზი, რის გამოც მან გადაწყვიტა ამ მართლაც უპრეცედენტო ჯარიმის დაკისრება, არის ის, რომ შპს „მენეჯმენტ-სერვისის“ გაკოტრებით რეალურად დარტყმის ქვეშ დააყენოს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც დაქირავებული აქვთ ოფისები „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს, გაუქმდეს“, – განაცხადა ბესელიამ.

„მენეჯმენტ-სერვისის“ ინფორმაციით, მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს უძრავ ქონებას, ასევე, ბათუმის დელფინარიუმისა და ქობულეთის გასართობი პარკის მართვას.

ამ ბოლო ჯარიმის ჩათვლით, მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილსა და მასთან ასოცირებულ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა.