პოლიტიკა
თბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება კონტროლის პალატის მეშვეობით „ქართული ოცნებისთვის“ 60-მდე ოფისის წართმევას აპირებს.
როგორც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კომპანია „მენეჯმენტ-სერვისის“ ხელმძღვანელსა და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კონტროლის პალატა უკანონო ჯარიმებით შპს „მენეჯმენტ-სერვისის“ ხელოვნურად გაკოტრებას ცდილობს, რათა მან „ქართულ ოცნებას“ ოფისები ვეღარ მიაქირაოს. „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობების გაღების ბრალდებით კონტროლის პალატამ „მენეჯმენტ-სერვისი“ 4 766 200 ლარით დააჯარიმა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სამი პოლიტიკური პარტიისთვის – „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმისთვის“ საერთო ჯამში 60 ოფისი ჰქონდა მიქირავებული. ამ უკანონობას ჩვენ ადგილობრივ სასამართლოებში გავასაჩივრებთ, ჯერ – საქალაქოში, შემდეგ – სააპელაციოში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მოგელაძის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებენ, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა ბესელიამ.