თბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ აცნობებს ბოლო დროს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“, რომლის საქმიანობაც, „ქართული ოცნების“ ლიდერების ერთ-ერთ სტატიაში საუბრიდან გამომდინარე, ასოცირდება მოძრაობა „ქართული ოცნების“ საქმიანობასთან.
განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, „ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე, 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს“.საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.
გამომდინარე აქედან, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე. ამასთან, ამ ქმედებამ შესაძლოა, პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს არა მარტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები – მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც“.
განცხადებას ხელს აწერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“; „მრავალეროვანი საქართველო“.