პოლიტიკა
რუსეთის წინადადებაზე საქართველო პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს

1nina-kalandთბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. ძალის გამოუყენებლობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე საქართველო პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს. ეს განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გააკეთა.

იგი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენის მიერ აფხაზეთში ვიზიტისას გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი შემოგვთავაზა. არის მონაცემები, რომ ქართული მხარე ამაზე თავის წინადადებებს ამზადებს. ჩვენ გვაქვს გარკვეული სიგნალები, რომ ერთობლივი დოკუმენტის მომზადებას შევძლებთ“.

ნინო კალანდაძის თქმით, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ვალდებულებაა. ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია, მიმდინარეობს.

„საერთაშორისო თანამეგობრობა მასში აქტიურად მონაწილეობს მას შემდეგ, რაც ქართული მხრიდან ძალის გამოუყენებლობაზე განაცხადი ოფიციალურად გაკეთდა. ასე რომ, შესაბამისი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან უნდა გადაიდგას. ბუნებრივია, ამ საკითხის ფორმალიზება გარკვეული დოკუმენტის სახით უნდა მოხდეს. არ გავუსწრებ მოვლენებს და ვნახავ, რა წინადადებები იქნება წარმოდგენილი რუსეთის მხრიდან და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ისინი საქართველოს შემადგენელ ნაწილებად განიხილება და ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ჩვენ აღებული გვქავს“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.