სამართალი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

zakon123თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქინფორმს აცნობებს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 10 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე №14102/02 „ფრიდონ ბექაური საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმცხადებლის წარმომადგენელთა ქმედებები შეფასებულია მიუღებლად, ხოლო ერთ-ერთი ადვოკატის ქმედება შეფასებულია როგორც „გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა“.

ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ადვოკატის ქმედება, რომელიც შეუფერებელია ადვოკატის პროფესიული ეთიკური სტანდარტისათვის და ზიანის მომტანია როგორც კლიენტთა, ისე მართლმსაჯულების ინტერესებისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში ქალბატონი ლია მუხაშავრია, ბატონი ვახტანგ ვახტანგაძე და ქალბატონი ელისო ბუთხუზი მოიხსენიებიან როგორც თბილისში მოღვაწე პრაქტიკოსი იურისტები.

ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ ქალბატონი ლია მუხაშავრია და ბატონი ვახტანგ ვახტანგაძე არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, შესაბამისად, ისინი არ არიან ადვოკატები.

რაც შეეხება ქალბატონ ელისო ბუთხუზს, იგი ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად. აღმასრულებელმა საბჭომ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული ქმედებების შესასწავლად  მიღებულია გადაწყვეტილება ეთიკის კომისიისთვის მიმართვის შესახებ, რომელიც შეისწავლის ადვოკატ ელისო ბუთხუზის ქმედებაში პროფესიული ეთიკის ნორმების შესაძლო დარღვევებს და ასეთი დარღვევების ჩადენის პერიოდსა და ვადებს. ანალოგიური მოქმედებები განხორციელდება სხვა ადვოკატების მიმართაც, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, არღვევენ პროფესიული ეთიკის ნორმებს. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ჩამოუყალიბდა პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ იგი წარმატებით იხილავს ადგილობრივი სასამართლოების მიერ ეთიკის კომისიაში შემოტანილ საჩივრებს და აღმასრულებელი საბჭო დარწმუნებულია, რომ ასეთივე პასუხისმგებლობითა და კვალიფიციურობით შეაფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოხსენიებულ ფაქტებს.

სამწუხაროდ, ადვოკატთა ასოციაცია მოკლებულია ანალოგიური შესწავლის შესაძლებლობას ქალბატონი ლია მუხაშავრიასა და ბატონი ვახტანგ ვახტანგაძის მიმართ, რადგან ისინი არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, შესაბამისად, არ არიან ადვოკატები და მათზე არ ვრცელდება ეთიკის კოდექსის მოქმედება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აცხადებს, რომ ის კვლავაც გააგრძელებს კანონით დადგენილი ყველა საწესდებო ფუნქციის განხორციელებას იმ მიზნით, რომ ადვოკატებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია და პროფესიული ეთიკის სტანდარტები, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ადვოკატები ღირსეულად დაიცავენ კლიენტის ინტერესებს და შეასრულებენ მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირის საპასუხისმგებლო ფუნქციას.