პოლიტიკა
თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, მისი წვლილი ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ნატოს მიერ ძალზე თვალსაჩინოდ იქნება აღიარებული 20-21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
„ჩვენ ამ პროგრესს სამიტის დეკლარაციაში ვაღიარებთ. ჩვენ ,ასევე, ძალიან მკაფიოდ ვაღიარებთ საქართველოს წვლილს“, – განაცხადა მან.
„ფაქტობრივად, საქართველო ჩიკაგოში სამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას: „ISAF“-ის შეხვედრაში ავღანეთზე; სპეციალურ-პარტნიორულ ღონისძიებაში გლობალური მასშტაბით 13 პარტნიორის შეხვედრაში, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებში და საქართველო ამ 13 პარტნიორს შორისაა და, რეალურად, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში; და ბოლოს, ასპირანტი ქვეყნების შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა რასმუსენმა.