სამართალი
სოხუმი ანჯეი ტიშკევიჩთან მიმართებაში პოზიციას არ ცვლის

1samarTali-22თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სოხუმში, რომ აფხაზური მხარე არ შეცვლის საკუთარ პოზიციას და კომპრომისზე არ წავა  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან დაკავშირებით.

სოხუმი, რომელმაც მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუ ამ შეხვედრებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც დაესწრება.

„ჟენევის დისკუსიების წინ თანათავმჯდომარეები [ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან] ყოველთვის მართავენ შეხვედრებს სოხუმში, ცხინვალში, თბილისსა და მოსკოვში. მაგრამ ამჯერად ჩვენ საგანგებო ვითარება გვაქვს, რადგანაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებით კრიზისია, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით. – ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჯეი ტიშკევიჩთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვით, რომ ამის გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეებთან ჟენევაში 7-8 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდის დღის წესრიგი განიხილა.