სამართალი
თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ელექტრონული მთავრობის“ შემოღების ინიციატივით გამოდის. როგორც პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გუშინდელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასურველ მინისტრს დაელაპარაკოს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის მართვაშიც. მისივე შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანაც მთავრობაზეა მორგებული.
„ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები არიან, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და შეიძლება ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ, აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ იყოს ელექტრონული მთავრობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.