სამართალი
რუსეთი აფხაზეთში უმაროვის სამალავებზე საუბრობს და თბილისს ადანაშაულებს

1samart11თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. რუსეთმა განაცხადა 10 მაისს, რომ მისმა ფედერალური უშიშროების სამსახურმა აფხაზეთში დიდი რაოდენობით იარაღის სამალავები აღმოაჩინა, რომელთა სამიზნეც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტები იყო. რუსეთის თქმით, იარაღი აფხაზეთში „ქართულ სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა შეიტანა.

უმაროვმა, რომელიც რუსეთის მიერ იძებნება, საკუთარი თავი „კავკასიის საამიროს ემირად“ გამოაცხადა; იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორისტთა სიაშიც არის შესული.

განცხადება იარაღის სამალავების თაობაზე, რომელიც რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა 10 მაისს გაავრცელეს, რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტს ეკუთვნის. ეს რუსეთის სამთავრობო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაშია და ანტიტერორისტული პოლიტიკის კოორდინაციას ახორციელებს.

ცალკე, თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადება, რომელიც „აფსნიპრესმა“ ფოტოებთან ერთად გაავრცელა, აფხაზეთის უშიშროების სამსახურმაც გამოაქვეყნა.

„საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე უმაროვი კოორდინაციას უწევდა სოჭის უშუალო სიახლოვეს ტერაქტების მოსახდენად საშუალებების მიწოდების ორგანიზებას და ხსენებული სამალავების მოწყობას“, – განაცხადა რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეძლო, დაედგინა, რომ მებრძოლები გეგმავდნენ, 2012-2014 წლებში გადაეტანათ აღნიშნული შეიარაღება ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და გამართვის პერიოდში ტერორისტული აქტების მოსაწყობად“, – განაცხადეს რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

ამ განცხადების თანახმად, 4 და 5 მაისს აფხაზეთში სამალავების აღმოჩენა შარშან აგვისტოში „აფხაზეთის ჯამაათის“ თაობაზე დაწყებული გამოძიების შედეგია. ეს დაჯგუფება უმაროვის „კავკასიის საამიროს“ აფხაზურ შტოდ მოიაზრება.

აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია „აფხაზეთის ჯამაათის“ლიდერი რუსლან გიცბაც.

სოხუმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იარაღის სამალავები, სადაც ინახებოდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებიც, სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინეს, ძირითადად, გუდაუთის რაიონის სოფლებში – დურიფშსა და ბზიფში.

რუსული და აფხაზური განცხადებების თანახმად, ამოღებულ იარაღს შორისაა 27 ერთეული „აგლენის“ ტიპის რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; სამი პორტატული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი „იგლა“ და „სტრელა“ შვიდი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით; სამი მრავალჯერადი გამოყენების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; „შმელის“ ტიპის ყუმბარმტყორცნი; „ეს-პე-გე 9“ ტიპის ყუმბარმტყორცნი; ავტომატური ყუმბარმტყორცნი; 36 ერთეული 80-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის ჭურვი; 26 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამშვები ორი რაკეტით; თვითნაკეთი უმართავი რაკეტის გამშვები თავისი ოთხი რაკეტით; ასევე, დიდი ოდენობით ტყვიები და სხვა საბრძოლო მასალები, ასევე, 15 კილოგრამი ტროტილი.

რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა, ასევე, განაცხადა, რომ 2012 წლის თებერვალში აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს ბანდიტური იატაკქვეშეთის კურიერიც, რომლისგანაც 300 დეტონატორი ამოიღეს.

„როგორც დადგინდა, ისინი [დეტონატორების] აფხაზეთში საქართველოდან ჩაიტანეს“, – განაცხადა მან.

სოხუმის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დეტონატორები აფხაზეთში საქართველოდან თურქეთის გავლით შეიტანეს; ერთადერთი პირდაპირი გზა თურქეთიდან რეგიონისკენ შავ ზღვაზე გადის.

რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა, ასევე, განაცხადა, რომ „ოპერატიული მონაცემებით, [იარაღის] რუსეთში გაგზავნასთან უშუალო კავშირი აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს და თურქეთის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მათთან დაკავშირებულ წარმომადგენლებს“.

სოხუმის განცხადების თანახმად, ერთ-ერთი სამალავი გუდაუთის რაიონის სოფელ ბზიფში აღმოაჩინეს, სადაც ედგარ ჭითანავა ცხოვრობს. აფხაზურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჭითანავას დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია 5 მაისს გაავრცელეს; მას ბრალად ედება 2007 წლის ივლისში აფხაზეთის ამჟამინდელ ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მცდელობა. მაშინ ანქვაბი პრემიერ-მინისტრი იყო.