სამართალი
თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. თბილისი აცხადებს, რომ რუსეთის ბრალდებები საქართველოს სპეცსამსახურების კავშირზე შესაძლო ტერაქტებთან აბსურდულია და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.
რუსეთმა განაცხადა 10 მაისს, რომ აფხაზეთში დიდი რაოდენობით იარაღის სამალავები აღმოაჩინა, რომლითაც სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ტერორისტული აქტების მოწყობა იგეგმებოდა. მოსკოვის თქმით, იარაღი აფხაზეთში „ქართულ სპეცსამსახურებთან ახლოს კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა შეიტანა.„ეს არის ყოვლად აბსურდული განცხადება, რომელიც არის სრულიად დაუსაბუთებელი, მას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ.
„ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციული პროპაგანდისა, რომელიც რუსეთს უკანასკნელი წლების განმავლობაში ახასიათებს, სადაც ისინი ბრალს სდებენ საქართველოს კავშირს სხვადასხვა ტერორისტებთან, ე.წ. ტერორისტებთან, მაგრამ ყოველთვის უარზე არიან, რომ რამე დამადასტურებელი მასალა ან საბუთები იქნას წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 15-ზე მეტი ტერორისტული აქტის მცდელობა იყო საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ „განსხვავებით რუსეთისგან, ამ ტერორისტულ აქტებზე ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას რუსულ მხარეს“.