საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „საუბედუროდ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია ვეტერანებისთვის“

1biZina-vakis-sazog-1თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილმა ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს უდიდესი წვლილი მიუძღვის ფაშიზმზე გამარჯვებაში.

„მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე დაეცა, უამრავი მათგანი გმირი გახდა და დღეს პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ვეტერანებს და ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა ივანიშვილმა

როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, ვეტერანები სახელმწიფოს მიერ მიტოვებულნი არიან. სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს ომის ვეტერანებზე.

„პოლიტიკური კულტურა სწორედ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად აფასებს სახელმწიფო მათ ამაგს. საქართველოში ისინი მიტოვებულები არიან. ჩვენ აუცილებლად შევუქმნით მათ ღირსეულ ცხოვრებას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საუბედუროდ, თავად ჯერჯერობით ვეტერანების საკეთილდღეოდ არაფერი გაუკეთებია, რისი ერთადერთი მიზეზიც ის არის, რომ ომის მონაწილეებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრივილეგიაა და მასში ჩარევა სწორედ ამ მიზეზით არ სურდა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, თავს არიდებდა ჩარევას ისეთ საქმეებში, რომელზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს პრივილეგიაა.

„აქედან გამომდინარე, საუბედუროდ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია ვეტერანებისთვის, მაგრამ ამის დრო კიდევ რჩება“, – დასძინა ივანიშვილმა.