პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციას შეხვდნენ

1-kart-ocneba-predstთბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ლიბერალური ინტერნაციონალის 17-კაციანი დელეგაცია საქართველოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოწვევით იმყოფება.

როგორც კოალიციის პრესსამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, დელეგაციაში შედიან პარლამენტარები და პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ 2006 წლიდან ლიბერალური ინტერნაციონალის ასოცირებული წევრია.

2012 წლის 30 მარტს ლიბერალურმა ინტერნაციონალმა მიიღო სპეციალური რეზოლიცია, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის მოთხოვნები საარჩევნო კოდექსის ცვლილებების დროს. „ქართული ოცნების“ პრესსამახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნული რეზოლუციის გარდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს ლიბერალური ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა, მაკედონიის წარმომადგენელმა ემილ კირიასმა, ასევე, შვედეთის პარლამენტის წევრმა აბირ ალ საჰლანმა, ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრმა დიდი ბრიტანეთიდან რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა.

ცნობისათვის: ლიბერალური ინტერნაციონალი მსოფლიოში მოქმედი ლიბერალური პარტიების გაერთიანებაა, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი მსოფლიოში ლიბერალური ფასეულობების გავრცელება და ლიბერალური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა.