პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: „ყველაფერი კარგად იქნება, ბატონო ბიძინა!“

1machavariani-polთბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლო 10 წელი საქართველოში მუდმივად არ უცხოვრია, ამიტომ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება მას არ შეეხება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ცვლილება პირადად ივანიშვილს მოარგოს.

ვაკის პარკში ვეტერანებთან შესახვედრად მისულმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოში საცხოვრებლად 2004 წლიდან გადმოვიდა, ხოლო, როგორც მობინადრე, გადასახადებს 2005 წლიდან იხდის. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დასძინა, რომ ის ცვლილებები, რაც  კონსტიტუციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების შესახებ შედის, სამარცხვინოა.

პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებსაც, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ინიციატივის იდეის ავტორი „ქრისტიან-დემოკრატები“ არ მალავენ, რომ პროექტის მომზადების მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემაა. თუმცა ივანიშვილის განცხადებამ დღის წესრიგში საქართველოში ბოლო 10 წლის ცხოვრების ცენზის შემცირების საკითხი გააჩინა. პირველი მოსმენით მიღებული ნორმა ცვლილების მიზანს ვერ ამართლებს.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში საქართველოში ბოლო წლებში მუდმივად ცხოვრების ცენზად იმდენი წელი ჩაიწერება, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას მისცემს. „არ არის დასამალი, რომ დაგეგმილი ცვლილების ადრესატი ბიძინა ივანიშვილია. კეკლუცობას არ დავიწყებ და გეტყვით, რომ მას 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს“, – ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

მაჭავარიანის ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს რეკომენდაცია მისცეს, რომ ამ თემის დახურვა მისთვის წამგებიანია, ამიტომ ახლა თქვა, რომ საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს. „მათთვის მოქალაქეობის თემა უმთავრესია. ალბათ სხვა მნიშვნელოვანი თემა არ აქვთ, – ამბობს პირველი ვიცე-სპიკერი, – ივანიშვილის ადვოკატები ერთმანეთში კამათობდნენ, მოქალაქეობის აღდგენისთვის, რომელი გზით ჯობდა ბრძოლა. ჯერ ნატურალიზაციის გზა აირჩიეს, შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატების“ წინადადება მოიწონეს. მოგვიანებით ნატურალიზაციის შესახებ მიღებული უარი გაასაჩივრეს. კარზე ბრძოლა მიმდინარეობდა. ასევე, ნახეთ, ჯონდი ბაღათურიას ფრაქცია როგორ ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას. კი, ბატონო, ისეთ ცვლილებას მივიღებთ, რომ მათ სალაპარაკო არ ჰქონდეთ“.

მაჭავარიანი პროექტში 10-წლიანი ცენზის შეტანის მიზეზს ხსნის. „ჩვენი მონაცემებით, ივანიშვილი საქართველოში 2000-2001 წლიდან ცხოვრობს“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ჯერჯერობით უცნობია, ცვლილებაში ზუსტად რამდენი წელი ჩაიწერება. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ  პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მეორე მოსმენაზე ალტერნატიული წინადადების დაყენებას აპირებენ, რომლის თანახმად, პოტენციური კანდიდატისთვის საქართველოში ბინადრობის 10 წლიდან ბოლო 3 წელი მუდმივად ცხოვრება საკმარისია. როგორც მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, სავარაუდოდ, მას ალტერნატიული წინადადება არ დაერქმევა.  იურიდიული კომიტეტი შეჯერებულ ვარიანტს მოამზადებს. „ცვილებაში იმდენი წელი ჩაიწერება, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ივანიშვილს არჩევნების მონაწილეობაში ხელი არ შეეშალოს“, – დასძენს მაჭავარიანი.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებით ისარგებლებდა. თუმცა ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ისევ ცდილობს. ივანიშვილის ადვოკატებმა ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ განაცხადეს, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ  შეიტანეს, რომლითაც  მოითხოვეს სამოქალაქო რეესტრის დასკვნის ბათილად ცნობა  და პრეზიდენტის დავალდებულება – ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ ბრძანებულება გამოსცეს.