სამართალი
პარლამენტმა სადავო კანონში ცვლილებები დაამტკიცა

zakon123თბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უყარა კენჭი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების მიღებას, რომელზეც თებერვლიდან მიმდინარე კონსულტაციების შედეგად მმართველი პარტიის დეპუტატები და სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი ორგანიზაციები შეთანხმდნენ.

მესამე მოსმენისთვის კანონპროექტს დაემატა დებულება, რომ პარტიის შემოწირულობად ჩაითვლება მის მიერ აღებული შეღავათიანი კრედიტები.

ცვლილებების თანახმად, კანონში აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის დეფინიცია, რაც მნიშვნელოვნად შეავიწროვებს იმ პირთა წრეს, ვისზეც პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს. კერძოდ, ასეთ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნით გაწევენ ხარჯებს. ამ გარემოების შესახებ მხოლოდ „დასაბუთებული ვარაუდის“ არსებობის შემთხვევაში შეძლებს კონტროლის პალატა, ამ პირებისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა ხუთმაგი ოდენობით, ნაცვლად დღეს მოქმედი ათმაგი ოდენობისა.  სიახლეა ისიც, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ყადაღის დადების თაობაზე, სასამართლო იხილავს და ადასტურებს.