სამართალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“ 12 მაისის შეკრებაზე უარს უცხადებს

1aqcia-gamgeobastanთბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს აცნობებს, პარტიის ლიდერები და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები აგრძელებენ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარე წლის 12 მაისს, 15:00 საათზე, თბილისში,  რუხში (ზუგდიდის რაიონი), ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ხობში, ჩხოროწყუში დაგეგმილ ათეულობით ათასი დევნილის  შეკრების ორგანიზების მიზნით.

პარტიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა ტელეფონით დაუკავშირდა პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალვერ იზორიას და განუცხადა, რომ იგი არ აძლევს უფლებას საორგანიზაციო ჯგუფს, ჩაატაროს დევნილთა შეკრება სოფელ რუხში (ზუგდიდის რაიონი).

პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისაგან, ასევე წერილობით პასუხს შეკრების გამართვაზე უარის შესახებ და ალტერნატიული ფართის გამოყოფას, რაც წარმოადგენს ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის აქტივობის დემოკრატიულ ნორმას, გარანტირებულს საერთაშორისო სამართლითა და ქვეყნის კონსტიტუციით.

როგორც პარტიის წარმომადგენლები იტყობინებიან, მიმდინარე წლის 12 მაისს ზუგდიდში ათეულობით ათასი ჩვენი დევნილი თანამემამულე და პარტიის ადგილობრივი მხარდამჭერი შეკრებას გეგმავს.