საზოგადოება
ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნა

1maisi9თბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. ვაკის პარკში 9 მაისის დილიდან ხალხმრავლობა იყო, ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავის აღსანიშნავად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ვაკის პარკში იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები. მათ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

ვაკის პარკში სამხედრო ორკესტრი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ სამხედრო მარშებს ასრულებდა. ვეტერანებმა ექვსი ათეული წლის წინანდელი ბრძოლის ამბები გაიხსენეს.

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილები, პირველ რიგში, სწორედ ვეტერანებს ულოცავდნენ ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს და აღნიშნავდნენ, რომ საქართველომ ამ მსოფლიო საფრთხესთან ბრძოლაში ასეულობით ათასი მებრძოლი დაკარგა, ომის ვეტერანებს კი განსაკუთრებული ყურადღება და მოფრთხილება სჭირდებათ.

1945 წლის 8 მაისს ფაშისტურმა გერმანიამ ყველა ფრონტზე უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8-9 მაისს აღინიშნება.