პოლიტიკა
ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას 27 მაისს თავისუფლების მოედნიდან იწყებს

1bidzoთბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მხარდამჭერებს ვიდეოგზავნილით 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანიის ოფიციალური დაწყების ნიშნად.

„მე, ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, 27 მაისს, დღის 3 საათზე, გელოდებით აქ, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“, – აცხადებს ივანიშვილი 20-წამიან ვიდეოგზავნილში.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 27 აპრილს განაცხადა, რომ 26-27 მაისს ხალხმრავალი აქციის გამართვას გეგმავს. „ქართულ ოცნებას“ თავდაპირველად აქციის გამართვა 26 მაისს სურდა, თუმცა დედაქალაქის ცენტრში ამ დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი და თბილისის მერიამ კოალიციას აქციის გამართვა 27 მაისს შესთავაზა.