...ისინი სიტყვაძუნწობენ – მხრებში მოხრილნი, თვალსევდიანნი. ალბათ როყიო სიტყვის წამოსროლას უფრთხიან...
დღითიდღე მათი რიცხვი მცირდება.
პაპა... ომი – კონტუზია – დამბლა... ქაფურის სუნი – ნაწოლები რომ არ გაჩნდეს.
მრისხანე თაობა. გამარჯვებულთა კოჰორტა. მაშინ ისინი წელში გამართული დაიარებოდნენ. მერე მოიხარნენ, ალბათ – საბრძოლო ჯილდოების სიმძიმით. თვალებში სევდა არ ედგათ – მარადიული, უტყვი კითხვის სევდა...
ისინი ძლიერები და სანდონი იყვნენ – ყველაფერში! ლამაზები – ყველაფერში. საწოლზე მიჯაჭვულებიც კი – როგორც პაპაჩემი, ფუგასური ბომბით კონტუზიამიღებული ავტობატალიონის ლაღი მეთაური.
სიცოცხლე მხოლოდ მის კეთილ, სითბოთი გამსჭვალულ თვალებში ღვიოდა. მეთაურის ომახიანი ხმიდან მხოლოდ ჩურჩული დარჩა, შვილიშვილს რომ ებუტბუტებოდა საალერსო სიტყვებს... მაგრამ რა დიდი იყო პატარა შვილიშვილისთვის, მისი იარაღის ტყავის ბუდითა და ყაწიმებით რომ თამაშობდა! ისეთივე დიდითა და სანდოთი, როგორიც პაპამისი იყო...
მიწისიატაკიან სარდაფში ხომ ნამდვილი ჯადოსნური სამყარო სუფევდა: უკვე არარსებული ქვეყნის არარსებული მანქანების ნარჩენები! და არსებული, არცთუ უხეიროდ, მაშინ დამარცხებული ქვეყნისა...
დიახ, მაშინდელი მტერი ყველაფერს მუყაითად და საიმედოდ აკეთებდა – ეს იმ დაჟანგული რკინის ნარჩენებსაც ეტყობოდა. დატყვევებულმაც კი, მისთვის დამახასიათებელი დისციპლინით ააგო და დაგვიტოვა მკვიდრი შენობები, გზები, კომუნიკაციები. თუმცა მაინც პაპამ გაიმარჯვა! ამხანაგებთან ერთად.
ასე წავიდა – გამარჯვებული. მხრებში გაშლილი. თვალებში შეკითხვის გარეშე.
მრისხანე თაობა. გამარჯვებულთა კოჰორტა. ისინი ისტორიას ქმნიდნენ. სისხლით. ოფლით. თავგანწირვით – ასე იყო საჭირო. წერტილი. მას ხიშტით სვამდნენ. და მასთან გათანაბრებული კალმით.
მამა... შენება! შექმნა! კომუნისტური შრომის დამკვრელები! პაპა თავდადებით იბრძოდა – მამა მუყაითად აშენებდა.
„ლეღმა დაჰკრა“... „სამოციანელები“. სასწრაფოდ გადაწერეს ისტორია. გამარჯვებას არ შეეხენ – მხოლოდ იმას, ყველაზე მთავარს, რომელიც სარდლობდა. მასზე სიმღერებსაც...
ფესტივალი! კოსმოსი! „კა-ვე-ენ”-ი! ვიწრო ჰალსტუხები და ფეხსაცმელები. ფართო სულები და ძმადნაფიცი ხალხების გულში ჩაკვრა. «Человек – проходит как хозяин!»
სიმინდი და «Кузькина мать». ყარიბის კრიზისი და ვან კლიბერნი.
სოცრეალიზმი. „კოლმეურნე მამაკაცი და ქალი“. „ბულდოზერების გამოფენა“.
აკრძალული ჯაზი და ნებადართული „ლეტკა-ენკა“.
სპორტი. მასობრივი.
ფინიში. ერნსტი. უცნობი.
შვილიშვილი... სიამაყე! სამშობლოს გამო! მშობლიური მამულის გამო. საინტერესოა, როდის შეეყარა სისტემას ვირუსი – მაშინ თუ უფრო ადრე?
ქვეყანაში მთავარი კაცი ერთობოდა, თავს ორდენებით იჯილდოებდა – ერთობოდა მთელი ქვეყანაც...
კვლავ გადაწერეს ისტორია. განა პირველად – მაშინ უძრაობის ხანა გვედგა...
ალბათ, მასა და ბრბო მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საზოგადოებად და ხალხად, როცა თავისი ისტორიის გადაწერას შეწყვეტს. ავიწყდებათ, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ (ძველქართული სიბრძნე).
ისტორია ერთია. ჭეშმარიტებასავით. იმიტომ, რომ ჭეშმარიტება – ღმერთია! ხოლო ღმერთი – ფული კი არა, სიყვარულია! მერედა, სადაა?! თუ ყველამ იცის, რაღად დუმან? უმისოდ როგორ იქნება?! ნუთუ აუცილებელია, მეორედ მოსვლას ველოდოთ, რომ სიკეთე და ბოროტება გავმიჯნოთ?
იმთავითვე თანაბრად მნიშვნელოვანია ათივე მცნება? რატომ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვისაც არც კი ვიცნობთ?! რატომ არ შეგვიძლოა მათი სიყვარული, ვისთან ერთადაც საუკუნეები გნავვლეთ ქრისტეს რწმენითა და სასოებით – როგორც ჩვენმა მამებმა და პაპებმა?!
„შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“: „რაც მეტს ვიშრომებთ, მით უკეთ ვიცხოვრებთ!“ ესეც ჭეშმარიტება იყო. არ იწამეს...
სამაგიეროდ, „დაღიანის“ იწამეს. „სსრკ – ხალხების სატუსაღო“... ცდებოდნენ? მაშ, ჩვენ შეცთომილთა ნაშიერნი ვართ?!
ჰოდა, ვინ გაიმარჯვა იმ ომში? თუ ჩვენ – ახლა სად ვართ ეს „ჩვენ“? ვინ ვართ??? რატომაა, რომ 67 წლის შემდეგ ჩვენ, გამარჯვებულები, ასე ცუდად ვართ, ხოლო ისინი, დამარცხებულნი, ასე კარგად? რატომ ცხოვრობენ გამარჯვებულთა შვილები მაშინდელი დამარცხებულების ნახმარი ავტომანქანებისა და ნივთების გაყიდვით?!
როდიდან აღარ გვესმის ერთმანეთის? ეს – შედეგია? იქნებ – მიზეზი?
შვილთაშვილები... თუ მათ ჭეშმარიტება არ ეცოდინებათ, იქნებიან კი გამარჯვებული? მთელი ცხოვრება? როგორც მათი მამა-პაპები?
იქნებ, დროებით შეგვეჩერებინა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე და გაგვესამართლებინა ისინი, ვისი მიზეზითაც გაჩნდა ტერმინი-დაღი „ნაცუმცირესობა“? ღმერთო, შემინდე მე, ცოდვილს! – თუნდაც გაგვემიჯნა ისინი ჩვენგან: დაე, იცხოვრონ იმ თავიანთ „გეტოში“, რომელიც უკვე გაგვიმზადეს ჩვენ, ხმელეთის ერთ მეექვსედზე მდებარე დიდი და ძლიერი ქვეყნის ყოფილ მოქალაქეებს, ერთ დროს სიყვარულსა და მეგობრობაში მცხოვრებთ...
რატომ არ შეუძლია შვილთაშვილს – ქართველ ჭაბუკს, ხელი და გული შესთავაზოს ოს მზეთუნახავს და ერთად გაატარონ თაფლობის თვე მეგობრებთან სოხუმში? – როგორც მათ მამებს, პაპებსა და მამა-პაპებს?!
ისინი ძალიან სიტყვაძუნწობენ – მხრებში მოხრილნი და თვალსევდიანნი. ალბათ უფრთხიან როყიო სიტყვებს...
დღითიდღე მცირდება მათი რიცხვი. მოვა დრო, როდესაც საერთოდ აღარ იქნებიან...
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი