საზოგადოება
„2012 წლის 8 მაისს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი წარმოადგენს მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის უპრეცედენტო გამოვლინებას საყოველთაო ღირებულებებისათვის გმირულ ბრძოლაში, რომლის შედეგად კაცობრიობამ თავის მომაკვდინებელ საფრთხეზე სასახელო გამარჯვება მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა მსოფლიოს ხალხებს დაანახვა ახალი საერთაშორისო სამართლის სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ძირშივე გამორიცხავდა მსგავსი გლობალური კატაკლიზმების გამეორებას და დედამიწაზე სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი გახდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ფაშიზმზე დიად გამარჯვებას კაცობრიობამ უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწია.
„არნახული მასშტაბის ომმა მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომში ქართველი მეომრები საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ, თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და მშვიდობა. ქართველ ხალხს შეუძლია სამართლიანად იამაყოს, თავისი მეომრებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ საყოველთაო საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.