სამართალი
კამპანია „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი

1esSengexebaთბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებმა 7 მაისს პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.

კამპანიის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა თებერვლიდან დაწყებული აქტივობის პირველ ეტაპზე მმართველ პარტიასთან კონსულტაციების გზით პარტიების შესახებ სადავო კანონში რიგი ცვლილებების შეტანას მიაღწიეს, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით უახლოეს ხანებში დაამტკიცებს.

აქტივობის მეორე ეტაპზე წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც დეკემბერში მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსის ჩათვლით სულ ცხრა კანონში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას, ეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურების დახვეწას, საარჩევნო პერიოდში სუბიექტებისთვის მედიათანაბრობის  უზრუნველყოფას და მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით, რაც, ასევე, წინადადებათა პაკეტში შედის, საკაბელო ქსელების ოპერატორებს ეკისრებათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლებისა და თანამგზავრული მაუწყებლების სატელევიზიო სიგნალების სავალდებულო წესით რეტრანსლაციის ვალდებულება; თავის მხრივ, მაუწყებელიც უნდა იყოს ვალდებული, მისცეს კომპანიას ტრანზიტის განხორციელების უფლება.

დღესდღეობით შექმნილი რეალობის თანახმად, საკაბელო ქსელების ნაწილი საკუთარი შეხედულებების საფუძველზე უარს აცხადებს რიგი არხების რეტრანსლირებაზე. მაგალითად, საკაბელო ქსელი „სილქ TV“ არ გადასცემს ტელეკომპანია „მაესტროს“; „გლობალ TV“-ზე, რომელიც ერთადერთი საკაბელო ქსელია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული „მე-9 არხი“ მაუწყებლობს, არ გადის „რუსთავი 2“ და „იმედი“ – ორი უმსხვილესი ნაციონალური მაუწყებელი, რომელთაც ამ საკაბელო ქსელიდან გათიშვა კომერციული მოტივებით ცოტა ხნის წინათ საკუთარი სურვილით მოითხოვეს. არსებული ვითარება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას საჭიროებს, რათა, კანონპროექტის ავტორთა მოსაზრებით, არ დაირღვეს მომხმარებელთა უფლებები და არ შეიზღუდოს მედიაპლურალიზმი.

ინიციატივის ავტორები პარლამენტს სთავაზობენ, წინასაარჩევნო აგიტაცია და შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე დაწესდეს საარჩევნო წლის 1 ივნისიდან, ნაცვლად ამჟამად მოქმედი ნორმისა, როცა ათვლის წერტილად არჩევნების დანიშვნის დღეა მიჩნეული. საპარლამენტო არჩევნები ორი თვით ადრე ინიშნება.

წინადადებები მოიცავს იმ პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრის შევიწროვებასაც, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვს –  კერძოდ, აგიტაციაში მონაწილეობა არ უნდა შეეძლოთ მინისტრების მოადგილეებს, გამგებლებსა და გუბერნატორებს, რომელთა ჩართულობაც ამ პროცესში მოქმედი საარჩევნო კოდექსით ნებადართულია.

ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის ნაწილში საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ითვალისწინებს აგიტაციის გაწევის აკრძალვას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება; ამასთან, 1 ივნისიდან უნდა აიკრძალოს ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებიც არ იყო მანამდე გათვალისწინებული ბიუჯეტში, ასევე, საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში – ამ წესის დარღვევის გამო ხარჯების შეჩერება, სასამართლოს ნაცვლად, რასაც ამჟამად მოქმედი ანალოგიური ნორმა ითვალისწინებს, კონტროლის პალატას შეეძლება, ინიციატივის თანახმად.

საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტით, საბიუჯეტო რესურსების გამოყენების შეზღუდვის მიზნით, წესდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯის ცნება, რომლის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაც სავალდებულო იქნება და მისი გამოუქვეყნებლობის გამო პასუხისმგებლობა დაწესდება.

ამასთან, ახლებური ფორმულირება ხდება სოციალური რეკლამის, რომელიც კვლავინდებურად არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა, თუმცა ის, ასევე, არ უნდა შეიცავდეს მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოების, მიღწეული წარმატებებისა და გაწეული მომსახურების რეკლამას და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტი და კანდიდატი ან მათი რიგითი ნომერი. ამასთან, ინიციატივის თანახმად, მედიასაშუალება ვალდებული უნდა იყოს, რომ გაასაჯაროოს ინფორმაცია რეკლამის „სოციალური“ სტატუსის შესახებ, რომლის მინიჭებაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეროგატივა უნდა იყოს.

კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციის საარჩევნო კოდექსში შეტანა. ასეთ რეკლამად, ინიციატივის თანახმად, ჩაითვლება მასმედიის საშუალებებით ნებისმიერი ფორმით გასული ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა მასში ნახსენებია საარჩევნო სუბიექტის სლოგანი, რიგითი ნომერი ან სხვა საიმიჯო რეკვიზიტები. ამასთან, გათვალისწინებულია სანქციებიც ფარული პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის, რაც თავდაპირველად შემოიფარგლება გაფრთხილებით, ხოლო მეორედ და მესამედ გამეორების შემთხვევაში, მედიასაშუალების, შესაბამისად, 500 და 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებით.

პროექტის თანახმად, ფარული პოლიტიკური რეკლამის გავრცელების ფაქტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს. კომისიას მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ავალდებულებს მაუწყებლებზე მონიტორინგის განხორციელებას, თუმცა მომზადებული საკანონმდებლო წინადადებებით, მას, ასევე, ემატება  ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების სავალდებულო განხილვისა და რეაგირების უფლებამოსილებაც. ამასთან, წინადადებები მოიცავს წინასაარჩევნო დებატების გამართვისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს.

საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული სხვა ცვლილებები უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირ ინტერნეტტრანსლირების უზრუნველყოფას, ასევე, ხმის დათვლის პროცედურების დახვეწას, რათა მოხდეს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის დროული გამოცხადება და გამოქვეყნება; ასევე, შემაჯამებელ ოქმებში გამოუყენებელ და  გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობის მითითება (ეს ნორმა ახალი საარჩევნო კოდექსის დამტკიცებამდე მოქმედებდა); ასევე, შემაჯამებელი ოქმის საოლქო კომისიაში გადაცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტით დადასტურება.