საზოგადოება
თბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლად არჩეული პრეზიდენტის მილოცვა საქართველოს მოქალაქეების გარდა დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმაც მიიღეს.
მილოცვაში რუსეთის პრეზიდენტი დიდი სამამულო ომის ვეტერანების გმირობაზე საუბრობს და მილოცვის ადრესატებთან თანამშრომლობის განვითარების იმედს გამოთქვამს.
„რამდენი დროც უნდა გავიდეს დიდი სამამულო ომის დასრულებიდან, 9 მაისი სამუდამოდ დარჩება საერთო სიამაყისა და ხსოვნის დღედ ქართველი და რუსი ერებისთვის. ჩვენი მამები და ბაბუები მხარდამხარ ებრძოდნენ ჰიტლერელ დამპყრობლებს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. ჩვენ მუდამ მივაგებთ პატივს გამარჯვებულებს, შევინარჩუნებთ სიმართლეს ომის შესახებ და წინ აღვუდგებით ისტორიის გადაწერის ნებისმიერ მცდელობას“, – ნათქვამია პუტინის მიმართვაში ქართველი ხალხისადმი.