პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „პუტინი დაბრუნდა“

1arno-analitikპუტინი დაბრუნდა. „გამოცდილი კაცი და ძლიერი ხელმძღვანელი“, – თქვა მასზე გუშინ მედვედევმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მე ამ სიტყვებს სხვა თანმიმდევრობით წარმოვთქვამდი – „ძლიერი კაცი და გამოცდილი ხელმძღვანელი“, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით, როგორც ცნობილია, ჯამი არ იცვლება. პუტინის გზა არ შეცვლილა, უბრალოდ, კრემლში გადაადგილება მოხდა – ორმა პატრიოტმა, პუტინმა და მედვედევმა, რომლებიც რუსეთის სასახელოდ თანშეწყობილად მუშაობდნენ, ადგილები გაცვალეს.

პუტინი დაბრუნდა. გამოცდილი ხელმძღვანელი – ბევრია, თუმცა მხოლოდ ძლიერი ადამიანები ბრუნდებიან, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მხოლოდ ძლიერ კაცს არ ეშინია დაბრუნების, განვლილ გზაზე უკან მოხედვისა და შეცდომების აღმოჩენის, რათა ისინი კვლავაც არ გაიმეოროს. მომავალი ხომ წარსულის გარეშე არ არსებობს და მარტო ლაჩრები უკანმოუხედავად მიისწრაფვიან წინ, რადგან უკან მოხედვის ეშინიათ. თუმცა ისტორია დაუნდობელია – ჩადენილი ბოროტება მათ ფეხდაფეხ მისდევს და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წამოეწევა...

პუტინი დაბრუნდა. და დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე – წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევამოსილის ხსოვნის დღეს – რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დაუბრუნა, რომელიც 1648 წელს რუსეთში ათონის მთიდან მოაბრძანეს და სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფილიალის ფონდებში იყო დავანებული. ვფიქრობ, მალე გრაალის თასსაც აღმოაჩენენ – საგულისხმოა, რომ კვალმა მეცნიერები რუსეთში მიიყვანა, რომელიც რაინდმა ტამპლიერებმა თავიანთი საუნჯის ყველაზე საიმედო ნავსაყუდელად მიიჩნიეს.

პუტინი დაბრუნდა, რათა სიამაყე და ღირსება დაუბრუნოს არა მარტო რუსებს, არამედ ყველა თანამემამულეს – ქართველებსა და უკრაინელებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, ბელარუსებსა და ყაზახებს, ტაჯიკებსა და უზბეკებს, თურქმენებსა და ყირგიზებს. ხოლო როცა ევრაზიის კავშირი თავისი ყველა ჰიპოსტასით გაბრწყინდება, ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები ერთიან სახლში – მოძმე ხალხების ოჯახში დაბრუნებას ითხოვენ და ჩვენ მათ სიხარულით მივიღებთ.

პუტინი დაბრუნდა. 2012 წლის 7 მაისს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი კრემლის სასახლის დარბაზებიდან გამოსვლისას დაბრუნდა, რათა მადლობა გადაეხადა ქართველი მომღერლის – დიანა ღურწკაიასთვის, რომელიც თანამდებობის დაკავების საზეიმო ცერემონიაზე მის შესაგებებლად მივიდა. პუტინს აპლოდისმენტებით შეხვდა ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელიც – პეტრე პირველის ძეგლის ავტორი. და კიდევ – გიორგის, ალექსანდრეს, ანდრეის დარბაზებში ქართველების ყველაზე სათაყვანებელი წმინდანის, საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთასწორი ნინოს სადარი – წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევამოსილის სული ტრიალებდა.

მაშ ასე, საქართველოს და რუსეთს ერთი გზა აქვთ!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

1inauguracia