საზოგადოება
„ქართული ოცნება“ მანიფესტაციას მხოლოდ 27 მაისს გამართავს

1panjikidzeთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ ითვალისწინებს თბილისის მერიის რჩევას და მანიფესტაციას 27 მაისს გამართავს.

ამის შესახებ საქინფორმს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ხელი შეუშალოს იმ მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც 26 მაისს მთელი თბილისის მასშტაბით არის დაგეგმილი.

ფანჯიკიძის თქმით, მანიფესტაცია ჩატარდება თბილისის ბორის პაიჭაძის  სახელობის „დინამო-არენაზე“ ან მიხეილ მესხის სახელობის „ლოკომოტივის“ სტადიონზე, რაზეც ამჟამად სტადიონების ადმინისტრაციებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

დაზუსტებულ ინფორმაციას ღონისძიების გასამართ ადგილსა და დროსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ ამ პასუხების შემდეგ გაახმაურებს.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 27 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კოალიცია იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს.

თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს, რადგან 26 მაისს ქალაქში მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.