პოლიტიკა
ფინანსური ზონა აჭარაში

1politika22თბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ლიბერალური ფინანსური სისტემის უზრუნველსაყოფად კანონის მიღებას გეგმავს, რათა თურქეთის საზღვრის მახლობლად, შავის ზღვის სანაპიროზე, სპეციალური ფინანსური ზონა ჩამოაყალიბოს.

„გონიოს უკანა ნაწილი იქნება დიდი ფინანსური ზონა, სადაც იქნება სხვა იურიდიული კანონები, იქნება სრული თავისუფლება ფინანსური ტრანსაქციების“, – განაცხადა მან.

„ეს იქნება ძალიან დიდი ინდუსტრია ბათუმისთვის, აჭარისთვის და, ასევე, დანარჩენი საქართველოსთვის. ეს იქნება ახალი ბათუმი, იქ იქნება 40, 50, 60-სართულიანი კორპუსები; ჩვენ ახლა ვიღებთ კანონს და წლის ბოლოს დავიწყებთ ამოქმედებას და მე ვფიქრობ, კიდევ 10 წელი დასჭირდება, რომ მთლიანად ეს ზონა ამუშავდეს; ძალიან ჩქარა, სოკოებივით გამრავლდება კორპუსები, შენობები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომამდე „ფინანსური ცენტრის“ შექმნა საქართველოს იმ მთავრობის გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობდა. იმ დროს მთავრობის 2008-2012 წლების ხუთწლიანი პროგრამა შეიცავდა დებულებას, რომლის თანახმადაც ,იგეგმებოდა ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბება თავისი ლიბერალური ფინანსური სისტემით. მაშინ მთავრობა ელოდა, რომ ამგვარი ცენტრი 12 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავდა და 10 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა. პარლამენტმა 2008 წლის მარტში შესაბამისი კანონმდებლობაც დაამტკიცა „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის“ სახელწოდებით, თუმცა ეს კანონი ამჟამად ძალადაკარგულია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ფინანსური ზონის“ ჩამოყალიბების გეგმა ბათუმში ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააჟღერა. მისი 45-წუთიანი გამოსვლა, ძირითადად, როგორც მან განაცხადა, „აჭარაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის“ მე-8 წლისთავს მიეძღვნა. 2004 წლის 6 მაისს აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე იძულებული გახდა, გადამდგარიყო ქუჩის საპროტესტო აქციებისა და თბილისის ზეწოლის შედეგად.

„ჩვენ არ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. ისინი დაკარგული არის ვიღაცის ტვინში. საქართველოს აქვს ტერიტორიები, რომელიც იურიდიულად და ისტორიულად მისია, უბრალოდ კონტროლს ვერ ვახორციელებთ იმიტომ, რომ იქ დგას საოკუპაციო ჯარი“, – განაცხადა მან.